აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა საქართველოს მთავრობისგან შემოსული წინადადებების განხილვას და პარლამენტში ხვალ დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენას მიეძღვნა

საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საფრთხის ქვეშაა უნიკალური ქართული კულტურის ძეგლები. ოკუპანტი, რომელიც ამ ტერიტორიებზე არანაირ კანონს – არც საერთაშორისოს, არც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივს და არც მორალურს არ ცნობს, ყოველდღიურად უფრო მეტ საფრთხეს უქმნის იქ არსებულ ქართული კულტურის ძეგლებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, აღნიშნულის გათვალისწინებით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძველესი ქართული კულტურის ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, გასულ სასესიო პერიოდში, მუშაობა დაიწყო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის სესიაზე დამტკიცების შემდეგ, ის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტსა და შესაბამის ფედერალურ უწყებებს წარედგინათ განსახილველად.
ამას წინათ, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღო შენიშვნები და წინადადებები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან. შენიშვნები არანაირ კონცეპტუალურ და არსობრივ სხვაობას, წინააღმდეგობრივ მოსაზრებას არ შეიცავს.
დღეს, 13 სექტემბერს, საგულდაგულოდ ამ საკითხზე გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა და საქმიანი დისკუსია, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. საბოლოოდ, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ცნობად მიიღო საქართველოს მთავრობის უწყებების შენიშვნები და წინადადებები, რომელთა უმეტესობა გაიზიარა.
ხვალ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტში ჩანიშნულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენა.

წინა სტატიაშიგიორგი კალანდარიშვილი ცესკოს წევრებთან ერთად რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას გაეცნო
შემდეგი სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუმინეთის ელჩს შეხვდა