აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ქალთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება

აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 8 მარტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია:
„გაეროს 1975 წლის განმარტებით, 8 მარტი არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული.
დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს დღე ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვას უკავშირდება და სათავეს 1857 წლის 8 მარტიდან იღებს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირიც. მას შემდეგ, რაც 8 მარტი კომუნისტებთან იქნა ასოცირებული, მისმა პოპულარობამ იკლო. თუმცა, 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობასთან ერთად, ეს თარიღი ისევ აქტუალური გახდა. 1975 წელი ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა და გაერომაც 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის 2005 წლიდან ბრიტანეთი ერთხმად უჭერს მხარს ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას.
ქალისადმი განსაკუთრებული პატივისცემა, მისი შესაძლებლობების აღიარება ოდითგან იყო ჩვენი ქვეყნის ტრადიციციული მახასიათებელი, რასაც უაპელაციოდ ნათელყოფენ ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები თუ დიდი „ვეფხისტყაოსანი“. ქართული გენი დასაბამიდან მიიჩნევდა, რომ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია!“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უღრმესი პატივისცემით გილოცავთ საქართველოს თითოეულ მანდილოსანს, უპირველესად მაინც, აფხაზეთიდან დევნილ თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალჭირნახულ და მაინც, გაუტეხელ, ძლიერ ქალბატონებს 8 მარტის დღესასწაულს; ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, ოჯახურ სითბოსა და სიყვარულს, მშვიდობიან, დემოკრატიულ, კანონის უზენაესობით დაცულ და ენგურს გაღმა-გამოღმა გაერთიანებულ ქვეყანაში წარმატებულ მოღვაწეობას გისურვებთ ყველას!
ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საჭიროდ თვლის შეეხმიანოს ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს გამოცხადებულ აქციას “ათასი მშობლის მარში”, რომელიც გოგონებისა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს აპროტესტებს; უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი თანაუგრძნობს ბულინგის თითოეულ მსხვერპლს, მათი ოჯახის წევრებს, საზოგადოებას და იმედს გამოთქვამს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობის, გაუპატიურების, სუიციდის შემთხვევების ხელშემწყობი გარემო უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება და „ათასი მშობლის მარშის“ საჭიროებაც აღარ იქნება.“

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში„…სანამ სული მიდგას, ვიომებ!“-გენო ადამია
შემდეგი სტატიამარტვილის ეპარქიაში მწვავე დაპირისპირებაა (ვიდეო)