აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და „თბილისის თავისუფალ აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

10 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და „თბილისის თავისუფალ აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, რესურსების გაცვლა და ეფექტიანი საქმიანობის ზრდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში: აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სტუდენტთა თემატური სტაჟირების გავლის სისტემის ჩამოყალიბება მათი შესაძლო დასაქმების პერსპექტივით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე სტუდენტების სოციალური დაცვის ხელშეწყობა, აკადემიურად წარჩინებული ახალგაზრდების წახალისების ფორმების პრაქტიკაში დანერგვა, რეგულარული საკონსულტაციო შეხვედრები და სხვ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და „თბილისის თავისუფალი აკადემიის“ რექტორმა სალომე პირველმა. აღსანიშნავია, რომ „თბილისის თავისუფალი აკადემიის“ რექტორის გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ისარგებლებენ სპეციალური პირობებით და აღნიშნულ უნივერსიტეტში ისწავლიან შეღავათიან ფასად. კერძოდ კი, 2250 ლარის ნაცვლად გადაიხდიან მხოლოდ 1700 ლარს.
ცერემონიას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები,თავისუფალი აკადემიის პერსონალი და არასამთავრპბო ორგანიზაცია ” დევნილთა ხმის” წარმომადგენლები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გააღრმავებს საქმიან ურთიერთობებს „თბილისის თავისუფალ აკადემიასთან“. დასასრულს, ბატონმა ჯემალმა „თბილისის თავისუფალ აკადემიას“ სახსოვრად გადასცა წიგნები. წინამდებარე მემორანდუმის მომზადებასა და გაფორმებაში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილთა ხმა” და მისი ლიდერი, დევნილთა უფლებების დამცველი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვალერი კატუკია. საგულისხმოა, რომ ამ ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილთა ხმას” შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვაზე, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიასე გამოიყურება ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის ტერიტორია
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ერთვება