აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმრებისა და მსჯავრდებულების მოთავსების პირობები

ქართული ოცნებამმიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს ასამარებს. კანონი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უკარგავს.

აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმრებისა და მსჯავრდებულების მოთავსების პირობები

აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და პატიმრების ზოგადი უფლებრივი მდგომარეობა

აფხაზეთის სახალხო დამცველის 2023 წლის წლიური ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებული პირობები პატიმრებისა და მსჯავრდებულებისთვის წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და დასჯას უთანაბრდება. ანგარიშის მიხედვით, ძირითად პრობლემებს განეკუთვნება: სრულფასოვანი სამედიცინო  მომსახურების არ არსებობა, სანიტარული ნორმების დაუცველობა, საკნებში საწოლების სიმცირე, დღის წესრიგის ორგანიზებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა. ანგარიში ოკუპირებული აფხაზეთის ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს 2024 წლის 14 მარტს  წარუდგინა. დე ფაქტო პარლამენტმა ანგარიში ცნობად მიიღო.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლის თანახმად, ყველა თავისუფლებაშეზღუდულ პირს უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და ადამიანისთვის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემით. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ თითოეული პატიმარი იმყოფებოდეს მისი ადამიანური ღირსების პატივისცემის პირობებში, რომ სასჯელის აღსრულებამ არ გამოიწვიოს განსაცდელი ან ტანჯვა, რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს პატიმრობის თანმდევ, გარდაუვალ ტანჯვას (ECtHR, Mouisel v. France, App. No.: 67263/01, 21/05/2003, §40; Kudła v Poland [GC], App. No.: 30210/96).

თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებების  სიმწირე

მსჯავრდებულების თავისუფლების აღკვეთის რეალიზება უნდა მოხდეს ისეთი კატეგორიის  დაწესებულებებში, რომელიც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის პროპორციულია. თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ასეთი სახის თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებები არ არსებობს. შესაბამისად, სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები ერთ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. აფხაზეთის სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, დრანდის საგამოძიებო იზოლატორში ყველა მსჯავრდებული სასჯელს იხდის  ერთი და იგივე პირობებში, ჩადენილი დანაშაულის ხარისხის მიუხედავად.

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემა საჭიროებს პატიმართა სათანადო კლასიფიკაციისა და განაწილების საკითხის გადაწყვეტას. პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების 67-ე მუხლის მიხედვით, პატიმრების კლასიფიკაცია აუცილებელია. კლასიფიკაციის მიზნებია: (ა) პატიმრის განცალკევება იმათგან, ვინც თავისი დანაშაულებრივი წარსულით ან ცუდი თვისებებით უარყოფით გავლენას მოახდენს მასზე; (ბ) პატიმრების კატეგორიებად დაყოფა, რაც გაადვილებს მათთან მუშაობას, საზოგადოებაში მათი დაბრუნებისათვის მომზადების მიზნით

არასრულწლოვან და ქალ მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აფხაზეთში  ქალთა და არასრულწლოვანთა სასჯელის მოხდის სპეციალური დაწესებულების არ არსებობაა, რის გამოც ქალ და არასრულწლოვან პატიმრებს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაქვემდებარებულ სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ათავსებენ. ქალების საკნები იმავე სართულზეა განთავსებული, სადაც მამაკაცების საკნებია.

პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების მიხედვით, მამაკაცები და ქალები შეძლებისდაგვარად, განცალკევებულ დაწესებულებაში უნდა განთავსდნენ (წესი 8, ა) პუნქტი);არასრულწლოვანი პატიმრები განთავსებულ უნდა იქნან სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევებით (წესი 8, ე) პუნქტი). „მამრობითი და მდედრობითი სქესის არასრულწლოვანები ჩვეულებრივ ცალ-ცალკე დაწესებულებებში ან დაწესებულების შიგნით ცალ-ცალკე დანაყოფებში უნდა განთავსდნენ. მაშინაც, როდესაც მამრობითი და მდედრობითი სქესის არასრულწლოვანები ცალ-ცალკე არიან განთავსებულები, მათ უნდა შეეძლოთ ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობა“ (ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (2008)11, წესი 60). ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის გ) პუნქტის მიხედვით, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა სარგებლობდეს ჰუმანური მოპყრობით და მისი პიროვნების განუყოფელი ღირსების პატივისცემით, მისი ასაკის პირთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით. კერძოდ, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი განცალკევებული უნდა იყოს უფროსებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიჩნეულია, რომ ამის გაკეთება არ ღირს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

სოხუმის პოლიციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების საკნებში პატიმრების მოთავსების პირობები

2023 წელს აფხაზეთის პატიმრობის დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, სოხუმის პოლიციის დეპარტამენტში განთავსებულია ორი დროებითი მოთავსების საკანი. აღნიშნულ საკნებში დაკავებულის მოთავსება მხოლოდ სამ საათამდე დროითაა დასაშვები. საკნების კედლები მთლიანად წარწერებითა და ნახატებითაა  დაფარული, რომელთა უმეტესობა კრიმინალური სამყაროს სიმბოლიკას ასახავს. საწოლის ლეიბების და თეთრეულის სანიტარული მდგომარეობა მიანიშნებს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოცვლილა. ამასთან, საკნებში არაა ელექტრობა და ზამთრის კლიმატისთვის ადაპტირების პირობები.

პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების მიხედვით, ყველა ადგილი, რომლითაც პატიმრები სარგებლობენ, განსაკუთრებით ყველა საძინებელი ოთახი, სრულად უნდა პასუხობდეს სანიტარულ მოთხოვნებს. ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით ამ ოთახების სიმაღლეს, მინიმალურ ფართობს, განათებას და ვენტილაციას (წესი 10).

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის რაიონული განყოფილების დროებითი მოთავსების იზოლატორი

გალის პოლიციის დეპარტამენტს ექვემდებარება დროებითი მოთავსების იზოლატორები. სახალხო დამცველი მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, გალის დროებითი მოთავსების საკნების კედლებში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება სანიტარულ ნორმებს; კედლები დაფარულია სხვადასხვა სახის ნახატებითა და წარწერებით. დროებით მოთავსების იზოლატორში განთავსებულია რვა საკანი, რომელთაგან ფუნქციონირებს მხოლოდ სამი. საკანში საწოლები ერთმანეთისგან გამოყოფილი არაა, რაც არ შეესაბამება სანიტარულ ნორმებს; ფანჯრების გისოსებზე აკრულია ნაჭერი, რაც ხელს უშლის საკანში დღის შუქის შემოსვლას; საკანალიზაციო მილების დაზიანების გამო, ყველა დაკავებულს ერთი საერთო სველი წერტილით უწევს სარგებლობა; საბნები და თეთრეული ცუდ სანიტარულ მდგომარეობაშია, რაც მიანიშნებს, რომ არ ხდება მათი საჭიროებისამებრ გამოცვლა.

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის თანახმად, საკნები, რომლებშიც პატიმართა განთავსება ხდება, უნდა იყოს სუფთა; პატიმრებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სანიტარული სადგომებისადმი, რომლებიც ჰიგიენურია და განმარტოების შესაძლებლობას იძლევა. ყოველმა პატიმარმა უნდა შეძლოს შხაპით ან აბაზანით სარგებლობა კლიმატისადმი შესატყვისი ტემპერატურის პირობებში; დღიურად, ან კვირაში ორჯერ მაინც (თუ საჭიროა, უფრო ხშირადაც) ზოგადი ჰიგიენის ინტერესებიდან გამომდინარე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ საკანში ყოფნა, სადაც არ არის ფანჯრები და სათანადო ვენტილაცია (Peers v Greece, App. No.: 28524/95, 19/04/2001, §75), არის ანტისანიტარია და სიბინძურე (Ghavtadze v. Georgia, App. No.: 23204/07, 03/03/2009, §89; Nevmerzhitsky v. Ukraine, App. No.: 54825/00), საპირფარეშო ნორმალურად არ ფუნქციონირებს და არ არის ჰიგიენურ მდგომარეობაში (Kalashnikov v. Russia, App. No.: 47095/99, 15/10/2002, § 99), უთანაბრდება ღირსების შემლახველ მოპყრობასა და დამცირებას.

აფხაზეთის პატიმრობის დაწესებულებებში სასჯელის მოხდის პირობები საფრთხეს უქმნის პატიმრებისა და მსჯავრდებულების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და ფსიქიკურ  მდგომარეობას, ეწინააღმდეგება სასჯელის ჰუმანურობის პრინციპებს, აქვს აშკარა სადამსჯელო ხასიათი და ხელს უშლის დამნაშავის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნებს.  

 

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენს ბიჭებს!
შემდეგი სტატიადღეიდან უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება