აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას სარეპეტიციო დარბაზი დღეს საზეიმოდ გაიხსნა

დღეს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი გაიხსნა.
ახალგარემონტებული დარბაზის გახსნაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ ლენტი საზეიმოდ გაჭრეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელასა და ნუკრი კაპანაძის მონაწილეობით კონცერტი მოეწყო.
2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებული დარბაზი, რომელიც დიმიტრი ჯაიანის ინიციატივით გარემონტდა, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა. მიმდინარე წელს განხორციელდა დარბაზში ხმის რევერბერაციის დროის გაზომვა და დარბაზის აკუსტიკის კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად გადაწყდა, დარბაზის ჭერის დაფარვა Sonaspray K-13 აკუსტიკური მასალით. ამ მიზნით, ჰოლანდიიდან სპეციალურად იქნა ჩამოყვანილი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოში პირველად განახორციელა აკუსტიკის მოწყობა აღნიშნული ტექნოლოგიით. დარბაზში ასევე დამონტაჟდა გამათბობელ-გამაგრილებელი სისტემა. სარეპეტაციო დარბაზის გარდა მოეწყო შემოქმედებითი საქმიანობისათვის განკუთვნილი დამატებითი სამუშაო სივრცე.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას უკვე აქვს შესაძლებლობა თანამედროვე სტილის დარბაზში გააგრძელოს შემოქმედებითი საქმიანობა.
დარბაზის სრული რეაბილიტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშილატვიაში “კგბ”- ს არქივი გახსნეს, იქ აღმოჩნდნენ ეკლესიის მეთაური, ყოფილი პრემიერი, ბიზნესმენიები, პოლიტიკოსები
შემდეგი სტატიარუმინეთის ექს-პრემიერს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი