აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 17 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლების ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადმოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვილი და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს ასევე დაესწრნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დაღუპული გმირების თანამებრძოლები.

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის ნეშტს იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 15 სექტემბერს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. სამარხების გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ ეტაპზე, 60 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის უგზო-უკვლ ოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, აივანი ჩამოინგრა
შემდეგი სტატია(video) მიხეილ სააკაშვილის მიმართვა კაზრეთი-წალკა-დმანისის ამომრჩევლებისადმი