აფხაზეთის მთავრობის წევრები აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივი მიაგო დაღუპულების ხსოვნას.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

8 იდენტიფიცირებული ცხედრის (5 სამხედრო პირი, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 4 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

წინა სტატიაშიწერეთელი პროკურატურას: ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მლნ მივცე და არ დამიბრუნოს
შემდეგი სტატიახაზარაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა