აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას რუსლან აბაშიძე დაიკავებს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე გახდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ იქნა მიღებული.

Front News-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ვახტანგ ყოლბაიას გადაყენებისა და მის ნაცვლად ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მომდევნო კვირიდან დაიწყებს.

პროცედურის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს პრეზიდენტი წარუდგენს, რის შემდეგაც მოხდება სესიის ჩანიშვნა, რომელზეც კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი პროცედურების გატარებაში კონსულტაციებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი დაეხმარება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას რუსლან აბაშიძე 5 იანვრიდან იკავებს.

რუსლან აბაშიძემ 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997-1998 წლებში სწავლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში.

2013-2014 წლებში რუსლან აბაშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი – 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ა.შ.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებს.

წინა კვირას აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 10-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ ელგუჯა (გია) გვაზავა გადააყენა და აღნიშნულ თანამდებობაზე ჯემალ გამახარია აირჩა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერები ზუგდიდის პოლიციაში იმყოფებიან
შემდეგი სტატიაზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს