აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ღონისძიება „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ გაიმართა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 17, 2019 13:07

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით  ღონისძიება  „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ღონისძიება „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ გაიმართა. საღამოში სოფელ ფერიაში მცხოვრები მოზარდები და მარტვილში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მცხოვრებმა ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს. ასევე, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებით დაკომპლექტებულმა მარტვილის №2 საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „აფსნი“-მ ქართული ცეკვები და ხალხური სიმღერები შეასრულა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნეიშენალის“ ბათუმის კლუბისა და ქართულ-აფხაზური საგას წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები ესწრებოდნენ.

ღონისძების შემდეგ, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს ესტუმრნენ.

პროექტის „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ მიზანია ქართველი და აფხაზი საზოგადოების შეხვედრების გააქტიურება, ნდობის აღდგენის, შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 17, 2019 13:07