აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ვ. არქანიას არტგალერეაში აფხაზეთის სპორტული ფედერაციების, აფხაზეთის სპორტული აკადემიების, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელებთან, აფხაზეთის დამსახურებულ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ფედერაციების და კლუბების წარმომადგენლებმა საკუთარ საქმიანობასა და სპორტულ მიღწევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, შესაბამისი ინვენტარის საჭიროებაზე და საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობისთვის დაფინანსების მოპოვებაზე.
„ეს იყო ინფორმაციული ხასიათის, ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელიც მომავალში ინდივიდუალურად გაგრძელდება. ჩვენ ერთად შევეცდებით, გამოვნახოთ გზები და შესაძლებლობები, სპორტის შემდგომი განვითარებისთვის, იმისთვის თუ როგორ დავეხმაროთ აფხაზეთის სპორტსმენებს კიდევ უკეთესი შედეგების მიღწევაში“, – განაცხადა დავით მორგოშიამ.
შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.