აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აჭარა ეხმიანება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 23, 2019 21:28

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ  კვირეულს აჭარა ეხმიანება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოცხადებული აფხაზეთობის დღეებს აჭარა აქტიურად ეხმიანება.
22 მაისს, აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აჭარას სტუმრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია. სტუმრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ უმასპინძლა.
ჩაქვის რეზიდენციაში საქმიანი და საინტერესო, ერთობლივი მოღვაწეობის პერსპექტივებზე ორიენტირებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და თავმჯდომარის კაბინეტის უფროსები – მაია ხაჯიშვილი და ზურაბ ჭურკვეიძე. აქ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ბატონ თამაზ ხუბუას განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის უმაღლესი საბჭოს სამუშაო გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა აპარატის, თითოეული დეპუტატისა თუ კომიტეტის დონეზე. სწორედ ამიტომ, სასურველია ქვეყნის ორი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდეს. მისივე განცხადებით, მალე პროექტი მომზადდება და მომავალში ხელიც მოეწერება.
მოგვიანებით, ბატონებმა თამაზ ხუბუამ და ზურაბ მებონიამ აფხაზეთობის დღის ფარგლებში გაწერილი ღონისძიების ფარგლებში აჭარელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების წარმომადგენლებთან ჩატარებულ შეხვედრაში, რომლის ორგანიზატორი იყო სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგა“.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დაინტერესებაზე დაპირისპირებული მხარეების საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში შერეული ოჯახების გამოკვეთილი როლის მიღწევისათვის მუშაობის შემდგომი გააქტიურების აუცილებლობაზე. მან მადლობა გადაუხადა მასპინძლებს და პოზიტიურად შეაფასა ამ მიმართულებით „ქართულ-აფხაზური საგას“ ფასდაუდებელი წვლილი მისი ხელმძღვანელის ნათელა დუმბაძის ხელმძღვანელობით.
„სასიამოვნოა საჯაროდ იმის აღნიშვნა, რომ არამარტო სამოქალაქო საზოგადოებაში, არამედ რეგიონალურ, გამორჩეული პოლიტიკური სტატუსის მატარებელ საკანონმდებლო ორგანოში, აგრერიგად გულწრფელად ძალუძთ გაითავისონ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისა და ქვეყნის უმთავრესი სატკივარი.
მადლობა მეგობრებო, აჭარლებისთვის ჩვეული გულიანი მიღებისთვის! თქვენნაირი პიროვნებები გვიმტკიცებენ მალე სოხუმში შეხვედრის იმედებს!“- აღნიშნა ბატონმა თამაზ ხუბუამ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 23, 2019 21:28