აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრი გენადი გაგულია ავარიაში დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრი გენადი გაგულია ავარიაში დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო ТАСС გაგულიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ინციდენტი 8 სექტემბერს გვიან საღამოს მიუსერას (გუდაუთის რაიონი) პოლიციის პოსტთან ახლოს მოხდა.

ავტომობილში გაგულიას გარდა მისი დაცვის წევრები და მძღოლი იყვნენ.

აფხაზეთის დეფაქტო მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდის ცნობით, ავარია ფსოუ-სოხუმის მონაკვეთზე მოხდა. „პრემიერმინისტრის ავტომობილი გადაადგილდებოდა აფხაზეთის ოფიციალური დელეგაციის კორტეჟში, რომელიც სირიის არაბული რესპუბლიკიდან ბრუნდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს სხვები არ დაშავებულან“, – ნათქვამია განცხადებაში.

გენადი გაგულია 70 წლის იყო. პირველად ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მან 1995-1997 წლებში იმუშავა, შემდეგ – 2002-2003 წლებში. 2003-2004 წლებში აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, 2004 წლიდან აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა. 2018 წლის 25 აპრილს ის კვლავ დეფაქტო პრემიერმინისტრად დანიშნეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: როგორ შეძლება ხუთწუთიანი მოსმენა დაუთმო იუსტიციის მინისტრს და მერე მოითხოვო მისი გადადგომა
შემდეგი სტატიასირიიდან დაბრუნებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერის, გენადი გაგულიას დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი