აფხაზეთის დე-ფაქტო შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

2 თებერვალს ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას ითვალისწინებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებზე მოქალაქეებზე.


ამასთან დაკავშირებით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაცია ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და არა აფხაზეთის მოქალაქეებს. ” ჯანელიძის განცხადებას ვაფასებთ, როგორც თბილისის ხელისუფლების კიდევ ერთ უხეშ მცდელობას, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში შეიტყუონ. ცხადია, რომ ე.წ. “ნეიტრალური პასპორტების” იდეის სრული კრახის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ სატყუარას იყენებს აფხაზეთის მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის პროცედურებთან დაკავშირებით. ეჭვგარეშეა, რომ თბილისის ახალი მცდელობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოსკენ გადაიბირონ, ისევე დასრულდება კრახით, როგორც ყველა ადრინდელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, აფხაზეთის შსს აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მცდელობა, აფხაზეთი საკუთარი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენონ, უპერსპექტივოა. თუკი საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აინტერესებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილება, მაშინ მათ უარი უნდა თქვან საერთაშორისო იზოლაციაზე, რომელშიც მათ ვყავართ” – ნათქვამია აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიFreedom House-მა უკრაინის რუკა ყირიმის გარეშე გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაFreedom House-მა განმარტა, სხვადასხვა ფერში რატომ აღნიშნა უკრაინა და ყირიმი