აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა გალის რაიონის მაცხოვრებლებს სტატუსი განუსაზღვრა

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა კანონში “აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ცვლილებები შეიტანა. კანონპროექტი მეორე მოსმენისთანავე მიიღეს. ცვლილებები ეხება კონკრეტულად გალის რაიონში ცხოვრების კანონიერ უფლებას.
კანონში გაჩნდა ქვეპუნქტი, რომელიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში “ცხოვრების უფლების” გაცემას ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც გალის რაიონში მინიმუმ 10 წელია ცხოვრობენ.
კანონმა დეპუტატებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დეპუტატ იური ზუხბას თქმით, აღნიშნული კანონით გამოდის, რომ გალის რაიონში 10-დან 30 ათასამდე მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეებად აღიარებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მხარდაჭერას მოითხოვენ სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. “ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათთვის ისედაც მთელი მსოფლიო ღიაა. ჩვენ კი რუსეთს იქით სადმე გასვლა არ შეგვიძლია. განვიცდი იმიტომ, რომ სასაზღვრო რაიონებში იმ ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ, რომელთანაც ჩვენ სამართლებრივი ურთიერთობა არა გვაქვს. ამიტომ, რატომ უნდა ვიჩქაროთ? გთხოვთ, მოდით, გადავდოთ ამ საკითხის მიღება” – თქვა ზუხბამ.
დეპუტატ დიმიტრი გუმბას თქმით, ეს კანონპროექტი საერთაშორისო ურთიერთობების დასარეგულირებლად კი არა, მაცხოვრებლების სტატუსის განსაზღვრისთვისაა მიღებული. „პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ქვეყნის აღმოსავლეთით მაცხოვრებლებს “უცხოელი მოქალაქის” სტატუსს ვანიჭებთ. მაგრამ ვფიქრობ, მათი მოქალაქეობის გარეშე დატოვებას ეს სჯობს. სამი წლის შემდეგ მათ უფლება ექნებათ მოქალაქეობაზე განაცხადონ” – თქვა გუმბამ.

banner
წინა სტატიაშიფინეთი: პოლიციის ყოფილ უფროსს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიატრამპი: “იყიდე ამერიკული” და “დაიქირავე ამერიკელი”