აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ასლან ბჟალიას დიაგნოზი გაასაჯაროვა, სადაც მოწამვლას გამორიცხავენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში, სადაც გენპროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ასლან ბჟალიას დიაგნოზზე ისაუბრეს, რომელიც მოსკოვიდან მიიღეს.
დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერის ვალერი კვარჩიას ინფორმაციით, სამშაბათს, 21 მაისს გენპროკურატურამ ასლან ბჟალიას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მოსკოვიდან მიიღო, რომლის თანახმადაც არ იკვეთება ბჟალიას მოწამვლის ფაქტი. დასკვნის თანახმად, ასლან ბჟალიას ვირუსული პლევმონია აქვს, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება.
ასლან ბჟალიას ავადმყოფობის მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში მოხვდა, ასევე, მისი დაცვის ორი წევრი, რომლებიც მოსკოვში, სკლიფასოვსკის სახელობის სააავდმყოფოში გადიან მკურნალობას.
გერმანელი ექიმების მიერ ჩატარებული ანალიზით დასტურდება, რომ ბჟალიას სისხლში მძიმე მეტალები აღმოუჩინეს, რომელიც მცირე რაოდენობითაა.

შეგახსენებთ, რომ ასლან ბჟალია აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ყოფილიყო. ის 17 აპრილს გახდა ავად. ოპოზიცია, ბჟალიას ავადმყოფობის გამო არჩევნების გადადებას ითხოვს. სოხუმში დაწყებულ საპროტესტო აქციას, რომელიც საპარალმენტო არჩევნების გადადების მოთხოვნით დაიწყო და შემდეგ მთავრობის გადაყენების მოთხოვნით გრძელდება, სულ უფრო მეტი ხალხი უერთდება, როგორც სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე, სხვადასხვა ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლები. პროტესტანტებმა დღეს ბზიფთან და ტამიშთან გზები გადაკეტეს. აქცია წუხელ არ დაშლილა და, როგორც ამბობენ, მანამდე გაგრძელდება, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მომიტინგეებსა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შორის ურთიერთობაც დაიძაბა, რომელიც მალევე მოგვარდა.

banner
წინა სტატიაშიგორში, მაღაზია „მონადირე” გაძარცვეს
შემდეგი სტატიანიკა მელია: რევულუციები არ ანონსდება