აფხაზეთის და მთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები წარმომადგენლობების გახსნას აპირებენ

karabaxi1სტეპანაკერტი და სოხუმი მთიანი ყარაბახის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლობების გახსნას აპირებენ საკუთარ ტერიტორიებზე – ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ განაცხადა, რომელიც თვითგამოცხადებული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, მთიან ყარაბახში იმყოფებოდა დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით.
გაბნიას თქმით, აფხაზეთის დელეგაცია ვიზიტით კმაყოფილია, მათ მთიან ყარაბახზე პოზიტიური აზრი დარჩათ. “ჩვენ ერთმანეთს კარგად გავუგეთ. შეხვედრებზე ვისაუბრეთ იმ ფორმებზე, რომლითაც, შესაძლებელია, ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, განვიხილეთ საინფორმაციო მხარდაჭერის გზები, ვისაუბრეთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ახალგაზრდობის ერთობლივ პროექტებზე” – განაცხადა გაბნიამ.
მთიანი ყარაბახის ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდნენ.

დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
“მიღებაზე, რომელიც მთიანი ყარაბახის დამოუკიდებლობის 25 წლისთავს ეძღვნებოდა, ჩვენი დელეგაცია რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ბაკო სააკიანთან მისალოცად მივიდა. ისე აღმოჩნდა, რომ მის გვერდით სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი იდგა. პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა ეს მომენტი გადაიღო. ფოტო მე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დავდე, რომლის შემდეგადაც ქართულმა მედიამ სომხეთის პრეზიდენტის და აფხაზური დელეგაციის შეხვედრაზე დაიწყო საუბარი” – განაცხადა ტანიამ.

ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული მხარის მიერ “გაბერილი სკანდალი იმის მცდელობაზე მიანიშნებს, რომ ისინი ჩვენს ნებისმიერ მცდელობას საერთაშორისო კონტაქტებზე გასვლასთან დაკავშირებით დაბლოკავენ” და დაამატა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა აღიარებული სახელმწიფოა, რომელმაც საკუთარი მიზნები და ამოცანები განსაზღვრა. “ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები დღითიდღე გაფართოვდება მიუხედავად წინააღმდეგობებისა” – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაფილიპინების პრეზიდენტის მიერ ობამას გალანძღვის შემდეგ ჩინეთი ფილიპინეთან ურთიერთობას ამყარებს