აფხაზეთის ავტონომიური უფლებები, ისტორიაში პირველად, 100 წლის წინ მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. საზეიმო სხდომის შემდეგ მან 1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცებული ქვეყნის პირველი ძირითადი კანონის – თავის დროზე  ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და სრულყოფილი კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მნიშვნელობაზე, ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციაზე გააკეთა კომენტარი. ამასთან, ბატონმა ჯემალ გამახარიამ ყურადღება  გაამახვილა აღნიშნულ კონსტიტუციაში სადღეისოდ მეტად აქტუალურ მომენტებზე.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, „საქართველოს პირველი კონსტიტუცია იმითაც არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი, რომ მასში პირველად ისტორიაში დადასტურებულია აფხაზეთის ავტონომიური უფლებები. კონსტიტუციის 107-ე მუხლში ნათქვამია: „საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი) ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა“. იქვე 108-ე მუხლი აზუსტებდა: „წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით“.

დამფუძნებელ კრებას უკვე ჰქონდა შემუშავებული „დებულება ავტონომიური აფხაზეთის მართვის შესახებ“. მასში ვკითხულობთ: „აფხაზეთი მდინარე მეხადირიდან მდინარე ენგურამდე და შავი ზღვის ნაპირებიდან კავკასიონის ქედამდე საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ამ საზღვრებში ავტონომიურად განაგებს თავის საშინაო საქმეებს“.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ შემდეგი ანექსიით ჩაშალა საქართველოს პირველი კონსტიტუციისა და ავტონომიური აფხაზეთის მართვის შესახებ დებულების ამოქმედება. ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ რა წარსულს, ჩვენი ვალია ვიფიქროთ და ვიზრუნოთ აწმყოზე, განსაკუთრებით მომავალზე – დღეს კვლავაც ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%-ის, მათ შორის აფხაზეთის დეოკუპაციაზე, საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში მის დაბრუნებაზე, ახალი რეალიების გათვალისწინებით, ისეთი სამართლებრივი ბერკეტების შექმნაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისე აფხაზეთის სრულფასოვან ავტონომიურ მმართველობას“,- აღნიშნავს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: „უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიაოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო