აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა“- განცხადებას ავრცელებს

region
ავტ.: region ნოემბერი 16, 2020 17:42

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა“- განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა“- განცხადებას ავრცელებს.

“დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულმა ვნებათა ღელვამ, რომელმაც გულგრილი ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების არც ერთი ფენა არ დატოვა, დევნილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის განცდებიც მოიცვა. ჩვენთვის, აფხაზეთიდან იძულებით წამოსული ადამიანებისათვის მშობლიურ მიწას და ჩვენი ღირსეული წინაპრების მიერ რუდუნებით შექმნილ ტაძრებსა და სალოცავებს განსაკუთრებული ფასი გააჩნიათ. სწორედ მათი მადლი და ძალა გვამოძრავებდა საუკუნეების მანძილზე გაგვეძლო მრავალი განსაცდელისათვის, შეგვექმნა გამორჩეულად მიმზიდველი, ორიგინალური და მაღალი სულიერებით დატვირთული საკუთარი ისტორია. ამ მაგალითს წარმოადგენს აფხაზთა და ქართველთა ერთობლივი სალოცავი წმინდა გიორგის სახელობის ილორის ეკლესია.

კატეგორიულად ვემიჯნებით რა ამ პრინციპულად მნიშვნელოვან, მაგრამ ამავდროულად სენსიტიურ თემასთან დაკავშირებულ ინსინუაციებს, პოპულისტურ გამონათქვამებსა თუ მოსაზრებებს, მოვუწოდებთ შესაბამისი ვალდებულებებითა და ფუნქციებით აღჭურვილ უწყებებს გონივრულ ვადებში დაადგინოს ჭეშმარიტება და იმ შემთხვევაში, თუ კი დამტკიცდა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მავანმა და მავანმა გამოიჩინა დანაშაულებრივი გულგრილობა თუ განახორციელა ბოროტი განზრახვა, მხილებული იქნეს ერის, ბერისა და ქვეყნის წინაშე და მიეზღოს კანონის შესაბამისად, ვინაიდან დავით გარეჯი არ წარმოადგენს მხოლოდ მიწას და გეოგრაფიულ ტერიტორიას, იგი ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით მორწყული სიწმინდეა, ქართული ეროვნული მენტალობის მნიშვნელოვანი სეგმენტია.

ფრაქციის თავმჯდომარე – რ. ქარაია
წევრები: ე. გვაზავა, დ. გვაძაბია, ვ.კაჭარავა, თ.მჟავია, ვ.ყოლბაია”-ნათქვამია განცხადებაში

region
ავტ.: region ნოემბერი 16, 2020 17:42