აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება: “რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ვითარება აფხაზეთში”

უკრაინისა და მთლიანად ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულმა ბარბაროსულმა ომმა, როგორი შედეგებითაც ის არ უნდა დასრულდეს, კაცობრიობა უკვე დააყენა ფუნდამენტური ცვლილებებისა და გარდაქმნების აუცილებლობის წინაშე. გარდუვალია ახალი მსოფლიო წესრიგის, გლობალური უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის, ახალი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბება, არსებული გაერთიანებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეორგანიზაცია. მოსკოვმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ იგი არაფრად აგდებს საერთაშორისო სამართალს და ამჯერადაც უხეში ფიზიკური ძალის „სამართალზეა“ ორიენტირებული; რომ რუსეთი კვლავაც რჩება სასტიკ დამპყრობელად; რომ იგი არასაიმედო პარტნიორია; რომ მას სრულებითაც არ აინტერესებს ადამიანების, მათ შორის თვით ეთნიკური რუსების, ე.წ. რუსულენოვანი მოსახლეობის ბედი, მათი უფლებები, თავისუფლება და სიცოცხლეც კი; მისი ერთადერთი მიზანი მეზობლების ტერიტორიების დაუფლებაა. ასე იყო XIX საუკუნეშიც – მუჰაჯირობის პერიოდში, ასე გრძელდება დღესაც. ამ ეტაპზე კრემლის მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების კუთვნილი ტერიტორიების, ასევე იმ ოკუპირებული რეგიონების ანექსია, რომლებსაც რუსეთმა „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოების ფორმალური სტატუსი დროებით მიანიჭა.

რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც წინასწარ შექმნა საკუთარი ანექსიონისტური გეგმების განხორციელებისთვის, მისი აზრით, აუცილებელი „სამართლებრივი“ ბაზა. კერძოდ, მოსკოვმა ჯერ კიდევ 2001 წელს დაამტკიცა კონსტიტუციური კანონი სხვისი ტერიტორიების შემოერთებისა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების ჩამოყალიბების წესის შესახებ; მოქალაქეობის შესახებ რუსეთის კანონში კი შეტანილია „სახელმწიფოებრივი კუთვნილება შეცვლილი ტერიტორიების“ ცნება, მასში განსაზღვრულია ასეთი ტერიტორიების მოსახლეობისთვის მოქალაქეობის მინიჭების წესიც.

„სამართლებრივი“ ბაზის შექმნის პარალელურად კრემლი წლების განმავლობაში ემზადებოდა აგრესიული ომისთვის სამხედრო და იდეოლოგიური თვალსაზრისითაც. მზადების შედეგები კი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანმა საომარმა მოქმედებებმა წარმოაჩინეს. მთელმა მსოფლიომ იხილა რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი სახე, რუსეთის შეიარაღებული ძალების ველურობა და არაადამიანური სისასტიკე, ტექნიკური ჩამორჩენილობა და ბრძოლისუუნარობა. აღმოჩნდა, რომ კორუფციაში ჩაფლულმა ვ. პუტინის რეჟიმმა ოცი წლის მანძილზე ვერ ჩამოაყალიბა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები. ამ ძალების მთავარსარდალი და გენერალიტეტი, სამხდრო ხელოვნების თვალსაზრისით, XX საუკუნის პირველ ნახევარშია ჩარჩენილი.

კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება, აგრეთვე განჭვრეტად მომავალში ვითარების სასიკეთოდ შემობრუნების პერსპექტივის არარსებობა, ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის მასობრივი გადინება, სრული საერთაშორისო იზოლაცია უმძიმეს და ურთულეს მდგომარეობაში აყენებს რუსეთის ფედერაციას. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს ომის დანაშაულსა და უკრაინელი ხალხის გენოციდში ეჭვმიტანილი კრემლის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სახელმწიფოთა დიდი ჯგუფის, მათ შორის საქართველოს მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე გამოძიების დაწყება.

რუსეთის დანაშაულებრივმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა მისი „მოკავშირეები“ და „სტრატეგიული პარტნიორები“. მათ შორისაა აფხაზეთიც. სამწუხაროდ, მოხალისეთა მცირე ჯგუფი აფხაზეთიდან მონაწილეობას იღებს საომარ მოქმედებებში პირსისხლიანი აგრესორის მხარეს. მსგავსი სიმბოლური თანადგომა აფხაზთა მხრიდან კრემლს არ აკმაყოფილებს და სოხუმისგან დამატებით მოითხოვს მის განკარგულებაში არსებული შეიარაღებული ფორმირებების გაგზავნას უკრაინულ ხორცსაკეპში. აფხაზური საზოგადოება, ასევე დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერ-ჯერობით მოსკოვისადმი მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით შემოიფარგლებიან, რაც არ შეიძლება „სტრატეგიული პარტნიორის“ უკმაყოფილებას არ იწვევდეს. მოსკოვური პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და მასთან დაკავშირებული ექსპერტების მწვავე გაღიზიანება გამოიწვია რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის ინკორპორაციის კრემლისეული გეგმის მიმართ სოხუმის მკვეთრად უარყოფითმა პოზიციამ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აფხაზებს მოსკოვიდან „ქართული საფრთხით“ აშინებენ.

ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს ის გარემოება, რომ აფხაზური მხარე მუდმივად აჭიანურებს 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში ხელმოწერილი 45 პუნქტიანი დოკუმენტის, არსებითად რუსეთის მიერ აფხაზეთის მცოცავი ანექსიის პროგრამის რეალიზებას. სოხუმს დღემდე არა აქვს შესრულებული აღნიშნული პროგრამის მიხედვით აღებული არც ერთი ვალდებულება. განსაკუთრებით მწვავედ დგას რუსეთის შორსმიმავალ მიზნებთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა ორმაგი მოქალაქეობის შემოღება, რუსეთის მიერ უძრავი ქონების, მათ შორის დევნილი ქართველების სახლების შეძენის უფლების დაშვება, ენერგოსექტორის, ელექტროქსელური ინფრასტრუქტურის ხელში ჩაგდება და ა.შ.

ანექსიონისტური გეგმების განსახორციელებლად რუსეთი ჯერ-ჯერობით არ მიმართავს ძალისმიერ მეთოდებს, თუმცა ცალკეულ პრინციპულ საკითხებზე აფხაზური მხარის პოზიციით უკმაყოფილო კრემლის პოლიტიკა სოხუმის მიმართ აშკარად იცვლება – იცვლება მისი გამკაცრებისა და ზეწოლის გაძლიერების მიმართულებით. პოლიტიკის გამკაცრების გამოვლინებაა კრემლის მიერ სოხუმში ფაქტობრივად „ელჩად“ და „გარეშე მმართველად“ მოვლენილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პრაქტიკული საქმიანობაც. რუსეთი უკვე იყენებს და მომავალში უფრო გააძლიერებს სოხუმზე ზეწოლის ისეთ ქმედით ბერკეტს, როგორიცაა ეკონომიკური დახმარების მკვეთრად შემცირება, ისედაც მძიმე სოციალური ვითარების ხელოვნურად კიდევ უფრო გამწვავება. გარდა ამისა, მოსკოვს გააჩნია აფხაზეთში მართვადი ქაოსის, პოლიტიკური კრიზისების პროვოცირებისა და, საჭიროების შემთხვევაში, დე-ფაქტო მმართველების ჩანაცვლების დიდი გამოცდილება.

დანამდვილებით არის ცნობილი, რომ კრემლის მიერ სოხუმისთვის წაყენებული მოთხოვნები მიუღებელია აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. უფრო მეტიც, ის იმედგაცრუებულია „სტრატეგიული პარტნიორის“ ამჟამინდელი პოლიტიკით, უკრაინაზე თავდასხმით, გარანტირებულად ხანგრძლივი საერთაშორისო იზოლაციით, სანქციების შედეგად რუსეთში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობით. ეს იმედგაცრუება მომავალში მხოლოდ გაღრმავდება. ეჭვსგარეშეა, უკრაინის წინააღმდეგ ომის ნებისმიერი შედეგით დასრულების შემდეგაც, დაუძლურებული რუსეთი არანაკლებ სახიფათო იქნება, ვიდრე დღეს. მას დასჭირდება საკუთარი „ძლევამოსილებისა“ და „გამარჯვების“ ილუზიის შექმნა რუსულ საზოგადოებაში, რისთვისაც აუცილებლად განაახლებს ზემოაღნიშნულ ანექსიონისტურ მოთხოვნებს და მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ თუ სამხედრო ბერკეტებსაც სრულად აამოქმედებს. დიდი ალბათობით, როგორც ეს იყო 1992 წელს, ის კვლავაც შეეცდება ქართველებსა და აფხაზებს შორის ომის პროვოცირებას, ან ისედაც დაძაბულ ორმხრივ ურთიერთობაში საომარი რიტორიკის შემოტანას და სიტუაციის გამწვავებას.

უმაღლესი საბჭო თავს ვალდებულად მიიჩნევს ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს, რომ 1992 წლის აგვისტოს რუსული სცენარის განმეორება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. საქართველოს მთავრობა ბოლომდე ერთგული რჩება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ძალისმიერი მეთოდების არგამოყენების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით აღდგენის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტის წინაშე აღებული ცალმხრივი ვალდებულებისა, რომელიც დადასტურებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის სპეციალური განცხადებითაც;

დარწმუნებული ვართ, ქართული მხარე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაეხმარება აფხაზურ მხარეს მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენაში, მდინარე ენგურის ორივე მხარეს მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრეთვე ოჯახური და ფერმერული მეურნეობების განვითარებაში;

მოვუწოდებთ აფხაზურ მხარეს ხელი შეუწყოს ჩვენს მოქალაქეებს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარებას, მიიღოს ზომები რუხი-ჭუბურხინჯის გამშვებ პუნქტზე გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებისთვის.

banner
წინა სტატიაშითიბისის ციფრული ბანკით თანხის ბანკომატიდან განაღდება QR კოდითაა შესაძლებელი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება