11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მიმართვით გაიხსნა.

ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს ყოველდღიური საქმიანობისა და სამომავლო გეგმების საბოლოო მიზანი იყო და რჩება უმაღლესი საბჭოს ისტორიული მისიის ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულება, ანუ ქვეყნის დეოკუპაციისა და გამთლიანების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მაქსიმალური ხელშეწყობა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე, ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ, შერიგებისკენ, საბოლოო ჯამში, ქვეყნის გაერთიანებისკენ.

„აფხაზურმა მხარემ უნდა შეიგნოს, რომ ქართველების გარეშე არა თუ იმ ფიქტიურ დამოუკიდებლობას, აფხაზეთის ტერიტორიასაც სამუდამოდ დაკარგავენ, როგორც დაკარგეს საკუთარი მიწა-წყალი მდინარე ფსოუს ჩრდილო-დასავლეთით, ანუ საქართველოს ფარგლებს მიღმა მცხოვრებმა კავკასიელებმა; ჩვენ, ქართველებმაც, უნდა შევიგნოთ, რომ აფხაზთა გარეშე აფხაზეთის დაბრუნება და მერე მისი შენარჩუნება, მთელ რიგ გარემოებათა გამო, შეუძლებელი იქნება. ერთი სიტყვით, ქართველები და აფხაზები განწირულები ვართ ერთად ცხოვრებისთვის. მოგვწონს – არ მოგვწონს, ასეთია მკაცრი რეალობა.

ამ რეალობით არის ნაკარნახევი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ, შერიგებისკენ, საბოლოო ჯამში, ქვეყნის გაერთიანებისკენ. აღნიშნული პოლიტიკის პირობებში, ასევე აფხაზეთში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით სავსებით რეალურია საქართველოს გამთლიანება. უმაღლესი საბჭო არა მარტო დარწმუნებულია ამაში, არამედ აგრძელებს მუშაობას აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება. იმედი მაქვს, რომ გარკვეული ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუშალეს აღნიშნულ პროექტზე მუშაობის დასრულებას, მალე მოიხსნება და წარმატებით დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

სესიის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისაჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება, დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილი: ციხეში წავა ყველა, ვინც ივანიშვილის გუნდის ლეგიტიმაციას არ აღიარებს