აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.
ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა ინფორმაცია სოჭის ოლიმპიადის დროს საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის ტერიტორიიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალის გატანით გარემოზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის შედგებზე. ასევე გარემოს დაცვის კუთხით არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე, მათ შორის ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებზე.
„გარემოს დაცვა ყველა ჩვენთაგანის ვალია, რადგან ეს ჩვენი საერთო საგანძურია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიურად ჩართვა, რათა წინდაუხედავმა ნაბიჯებმა გამოუსწორებელი შედეგები არ გამოიღოს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის კუთხით ყველა იმ სტანდარტის ამოქმედების აუცილებლობაზე, რომელიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედებს. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ქართველი სპეციალისტების მხრიდან აფხაზებისათვის გამოცდილების გაზიარების შესახებ.
შეხვედრას კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი – გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ძალიან თეორიულია
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე ღია და დემოკრატიულ მმართველობაზე ისაუბრეს