კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ აღუთქვეს მხარდაჭერა სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან კომუნიკაციის შედეგად და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანადგომით, ამ რეგიონის დევნილთა განსახლების ობიექტებში ამჟამადაც მიმდინარეობს საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხვდება სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას და შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები ხორციელდება.
„ჩვენ, დეკემბრის თვეში შევხვდით კახეთის რეგიონის დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს და დავპირდით, რომ აუცილებლად მოვიდოდით ამ რეგიონში და შევხდებოდით აფხაზეთიდან დევნილებს, მოვისმენდით მათ საჭიროებებს და ადგილზე გავეცნობოდით მდგომარეობას.
აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევების აღწერისა და მათი მოგვარების გზაზე, რომელსაც ჩვენ ინტენსიურად ვახორციელებთ, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ურთიერთგაგება დევნილებსა და ხელისუფლებას შორის.განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონში, სადაც რამდენიმე ათეული დევნილთა განსახლების ობიექტია და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ხშირი კომუნიკაციების შედეგად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი კრიტიკული საკითხების მოგვარება უკვე შევძელით.
ჩვენი მთავარი მიზანი ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანება და საქართველოს ერთიანობა უნდა იყოს, რომლის მისაღწევად ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთგაგება, სიყვარული, ერთიანობა. მჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ამ მიმართულებითაც გადადგმული დიდი ნაბიჯია და ეს იქნება წინაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, რასთანაც დღეს ისე როგორც არასდროს ვართ ახლოს.“ – დავით ფაცაცია.