აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news მარტი 1, 2017 22:40

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც აგრძელებს ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის, მისი ელემენტარული უფლებების უხეში და მიზანმიმართული დარღვევის დანაშაულბრივ პოლიტიკას. ამაზე მიუთითეთებს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 5 მარტიდან ოტობაიასა და ნაბაკევში გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ. აშკარაა, რომ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების უფლების შეზღუდვით, კრემლი სჯის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების დღე-დღეზე მოპოვების მოლოდინში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და ამ ორი მოვლენის დროში დამთხვევა მოსკოვმა სავსებით გამიზნულად მოახდინა.

ოკუპანტის გადაწყვეტილება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი გადასასვლელების დახურვის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალის ფუძემდებლურ ნორმებს. ამასთანავე იგი მრავალ დამატებით პრობლემას შეუქმნის ისედაც უფლებაყრილ და კანონგარეშე გამოცხადებელ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას. უკიდურესად გართულდება კომუნიკაცია აფხაზეთის ოკუპაციის შედეგად გახლეჩილი ათასობით ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის. გადასასვლელების დახურვის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდება გალის რაიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. ადამიანები ვერ შეძლებენ არსებობის ძირითადი წყაროს – სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გადმოტანას და მისაღებ ფასებში რეალიზაციას, აგრეთვე სურსათისა და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას. გალის რაიონის სოფლებში მაცხოვრებელთა უმეტესობისთვის ა.წ. 5 მარტის შემდეგ პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი გახდება გადაუდებელი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების, ასევე ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების სკოლებში ხარისხიანი განათლების მშობლიურ ენაზე მიღება.

გადაადგილების უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიმართულია დანარჩენი საქართველოსაგან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემდგომი იზოლაციისკენ, მთელი ამ რეგიონის მცოცავი ანექსიისა და ასიმილაციის დაჩქარებისკენ. სრულიად აშკარაა, რომ ეს ყოველივე პირდაპირ კავშირშია აფხაზეთის, უპირველეს ყოვლისა, გალის რაიონის გამალებულ მილიტარიზაციასთან, ე.წ. ,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნის შესახებ მოსკოვის მიერ ადგილობრივ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან 2015 წლის 21 ნოემბერს დადებული ,,ხელშეკრულების“ ამოქმედებასთან. გალის რაიონის ჩაკეტილ სივრცედ, ლამის საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა, ოკუპანტების აზრით, გამორიცხავს აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, დღეს დევნილების, საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ხელს შეუწყობს ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგების დაკანონებას.

უმაღლესი საბჭო, გამოხატავს რა ღრმა შეშფოთებას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო,

– გმობს გალის რაიონის ქართული მოსახლეობის მიმართ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დისკრიმინაციული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას, გადაადგილების უფლების უკიდურესად შეზღუდვას;

– მოუწოდებს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ადექვატური შეფასება მისცეს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის ჩვეული პრაქტიკის გაგრძელებას, რაც ამჯერად მოქალაქეთა გადაადგილების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვაში გამოიხატა;

– მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავაც განაგრძოს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ და მიიღოს დამატებითი ზომები, რათა აღნიშნული საკითხი გახდეს გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი შესაბამისი სტრუქტურების განხილვის საგანი;

– მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განიხილოს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების, მათ შორის გადაადგილების უფლების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო სამართლბრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა;

– თხოვს ჟენევის ფორმატის მედიატორებს მომავალ მოლაპარაკებებზე უზრუნველყონ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხის საგნობრივი და პრინციპული განხილვა.

news
ავტ.: news მარტი 1, 2017 22:40