აფხაზები სოხუმისთვის სახელის გადარქმევას აპირებენ

ოკუპანტების საყმო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ქართული ქალაქებისთვის სახელების გადარქმევას აპირებს. ოსებმა ახალგორს 11 წლის წინ დაარქვეს ლენინგორი. ახლო მომავალში კი ცხინვალს შეიძლება სტალინირი დაარქვან. ეს სახელი ამ ქალაქს კომუნისტების დროს უკვე ერქვა, ოსებს კომუნისტების ეპოქიდან გამოსვლა აშკარად უჭირთ.
ცხინვალისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით ხელმოწერებიც შეგროვდა, მაგრამ ან საკმარისად არ მოაწერა ხალხმა ხელი, ან ხელისუფლებამ არად ჩააგდო საზოგადოების მოთხოვნა.
აფხაზეთის მთავარი ქალაქისთვის სახელის გადარქმევის სურვილი სოხუმშიც გამოთქვეს. ამის შესახებ უკვე აქტიურად მიდის საუბარი ადგილობრივ მედიაში.
ყველა ჩვენგანის საყვარელი სოხუმისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით იურისტი რამგარ მარშანი გამოვიდა. აფხაზეთის უნივერსიტეტის დოცენტი მიიჩნევს, რომ სახელწოდებას სოხუმი უკვე ყავლი გაუვიდა.
მისი თქმით, აფხაზეთის მთავარი ქალაქის სახელწოდება ხშირად იცვლებოდა. მიაჩნია, რომ ახლაც მოვიდა ცვლილებების დრო.
-სოხუმს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელი ერქვა. ყველა სახელი რაღაც დროის მერე შეიცვალა, ისტორიას ჩაბარდა. მაგალითად დიოსკურია და სებასტოპოლისი.
დიოსკურია მცირე აზიელმა ბერძნებმა დააარსეს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 65 წელს აქ რომაელები მოვიდნენ და ქალაქს სებასტოპოლისი უწოდეს, _ იხსენებს ისტორიას მარშანი.
ეტყობა, მის გარდა, სოხუმისთვის სახელის გადარქმევის სურვილი სხვებსაც აქვთ. ერთ-ერთ ვერსიად აკუა-ც განიხილება. აფხაზთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რაკი ეს სახელი სოხუმს ადრეც ერქვა, ახლაც შეიძლება, რომ ეს ქალაქი გაააკუონ.
მარშანის აზრით, სოხუმისთვის ამ სახელწოდების დარქმევა რამდენიმე მიზეზით არ შეიძლება. ამბობს, რომ მსოფლიოში ვერ ნახავთ ქალაქს, რომლის დასახელებაშიც მხოლოდ ერთი თანხმოვანია.
ამის გარდა, მარშანი ამბობს, რომ სახელი აკუა მომდინარეობს ადიღეური სიტყვიდან, რაც, როგორც მღვრიე წყალი, ისე ითარგმნება.
– აკუა შეიძლება დაერქვას სოფელს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქალაქს, -მიაჩნია აფხაზეთის უნივერსიტეტის დოცენტს.
მისი თქმით, სოხუმს უნდა დაერქვას ამრა. ამბობს, რომ ეს სახელი ყველასთვის მისაღებია.
როგორც მარშანი განმარტავს, ამრა აფხაზურად მზეს ნიშნავს. ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელწოდება ამრა უცხოელებისთვისაც მისაღები იქნება და ეგრევე მიხვდებიან, რომ საზღვაო ქალაქთან აქვთ საქმე.
მას ჩამოთვლილი აქვს, თუ როგორ ითარგმნება სხვადასხვა ენაზე ზღვა.
– სოხუმი არის მზის და ზღვის ქალაქი. ამიტომ სახელი ზღვა ყველაზე მეტად შეეფერება მას, _ ამბობს მარშანი.
მისი თქმით, არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ომის დროს სოხუმის სანაპიროზე არსებული წარწერა ამრა გადარჩა. ასოები ლითონისაა.
მარშანი დარწმუნებულია, რომ აფხაზები ამრას მალე აიტაცებენ.
-აფხაზეთში ბევრ ობიექტს ჰქვია ამრა, ეს სახელი უცხო არავისთვის იქნება, _ მიიჩნევს აფხაზი მეცნიერი.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ თურქეთს რუსულ С-400-ზე უარის სათქმელად ვადა დაუნიშნა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაფარული სახით გაცემა არაკონსტიტუციურად მიიჩნია