აფხაზები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი წარმომადგენლების დაშვებას სთხოვენ

პეტიციის ავტორები, რომელიც change.org-ზე გამოქვეყნდა, გაეროს გენერალურ მდივანს, ევროკავშირს, ევროსაბჭოსა და ეუთოს მიმართავენ. ისინი შესავალ ტექსტში წერენ, რომ აფხაზები, ისევე, როგორც მსოფლიოში ბევრი სხვა ხალხი, ბევრჯერ იდგნენ ფიზიკური გადაშენების საფრთხის წინაშე, მათ შორის, მეოცე საუკუნის ბოლოს, როდესაც აფხაზების მიმართ განხორციელდა გენოციდი, რეპრესია, თვითმყოფადი აფხაზების კულტურის განადგურება. მიუხედავად ამისა, აფხაზებმა “ურთულეს გამოცდას გაუძლეს და შეინარჩუნეს ენა, კულტურა, თავისუფლების გაუტეხავი სული. დამოუკიდებელი და აღიარებული აფხაზეთი – ეს კავკასიაში თანამედროვე ურთიერთობების რეალობაა და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია” – წერია პეტიციაში.

“25 წლის მანძილზე აფხაზები დამოუკიდებლად ქმნიდნენ პოლიტიკურ სისტემას, საბაზრო ეკონომიკას, საკანონმდებლო ბაზას, დამოუკიდებელ სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება… დღევანდელი აფხაზეთი – ეს სახელმწიფოა, რომელიც მტკიცედ ვითარდება. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ირგვლივ შექმნილი ვითარება არ შეიძლება ღრმა შეშფოთებას არ იწვევდეს. კერძოდ, დიდი გულისტკივილით ვაკვირდებით საერთაშორისო ფორუმებზე აფხაზეთის აზრის იგნორირებას. სიტუაციას ცალმხრივი და უკიდურესად არაობიექტური ხასიათი აქვს” – წერენ პეტიციის ავტორები.
“საქართველოს ოფიციალურ პირებს, სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენებით, მსოფლიო თანამეგობრობა შეცდომაში შეჰყავს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ თხრობით, აფხაზეთში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მონაყოლით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენს სამშობლოზე ნეგატიური წარმოდგენა შეიქმნას” – წერია მიმართვის ტექსტში. ავტორები საუბრობენ თბილისის მიერ წარმოებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე, მიზანმიმართულ კონფრონტაციულ განწყობაზე, რომელიც მსოფლიოში იქმნება.

“აფხაზეთს, მრავალი წლის მანძილზე მიზანმიმართულად ართმევენ ნებისმიერ საშუალებას საერთაშორისო სტრუქტურებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე, რომ მათ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პრობლემებზე ისაუბრონ, თუმცა აფხაზთა კანონიერი მოთხოვნები იგნორირებულია” – წერია პეტიციაში, რომლის ავტორები გაეროს გენერალურ მდივანს, ევროკავშირს, ევროსაბჭოსა და ეუთოს საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის წარმომადგენლების თანაბარუფლებიან დაშვებას ითხოვენ.
პეტიციას ამ დროისათვის 321 ადამიანმა მოაწერა ხელი.

banner
წინა სტატიაში„ძალიან მალე, როდესაც შეიცვლება პოლიტიკური დღის წესრიგი, ნახავენ როგორ დაისჯებიან მათი შვილების მკვლელები“ – ზაალ უდუმაშვილი
შემდეგი სტატიაზურაბიშვილმა ცოტა გრამატიკაში წაიმეცადინოს, ვიდრე შემხვდება – გრიგოლ ვაშაძე