აფხაზ და ოს ძმებს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, განსაკუთრებული სტატუსი უნდა შევთავაზოთ – ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახალი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსი ექნება.

როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პოზიციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის რამდენიმე იურისტი იზიარებს.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აფხაზებთან და ოსებთან განსაკუთრებული სტატუსის გაგზავნა სწორი და დროულია.

„მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, თუ რას გულისხმობს ეს განსაკუთრებულობა. დიდი ჩინეთიც კი, იძულებული გახდა, მრავალი წლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღგენისთვის წასულიყო იმ გზაზე, რომ ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ სისტემას ეფუნქციონერა – ჰონგ-კონგის სისტემას და დანარჩენი ჩინეთის სახელმწიფოს მოწყობას. ჩვენც უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯი და გავუგზავნოთ ეს გზავნილი აფხაზ და ოს ძმებს, შევთავაზოთ მათ განსაკუთრებული სტატუსი ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

პარლამენტში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას არ ფლობს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა