აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტალის სათანადო სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი.

ელჩინ სადიგოვმა მუხტარლი ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. ადვოკატის განცხადებას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

“ციხეში, არ არის მკურნალობისთვის საჭირო სათანადო პირობები შექმნილი, რის გამოც აფგან მუხტარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გარდა ამისა, არ არის სათანადო კვება, ცხელი საჭმელი, რის გამოც მუდმივად მუცლის ტკივილები აქვს. არც მაცივარშია თავისუფალი ადგილი საკვების შესანახად. აფგან მუხტარლის არ აძლევენ უფლებას ტელეფონით დაელაპარაკოს საკუთარი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში არიან”, – აცხადებს დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი.

აფგან მუხტარლის ჯანმრთელობის პრობლემებზე მისი ადვოკატი და ოჯახის წევრები დიდი ხანია საუბრობენ.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს გული აწუხებს და დიაბეტი აქვს. მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა 2 კვირის წინ აცხადებდა, რომ მის ქმარს მედიკამენტებს არ აწვდიდნენ და არც საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ამ განცხადებას მაშინ აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილე გამოეხმაურა. თბილისში მყოფმა კამრან ალიევმა ქართველი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პენიტენციურ სისტემაში არსებობს სამედიცინო სამსახური და არანაირი კითხვები ამ კუთხით არ არსებობს.

“თქვენ არ ინერვიულოთ, ჩვენ გვაქვს სამედიცინო სამსახური პენიტენციურ სისტემაში, მუხტარლის თვალ-ყურს ადევნებენ და არანაირი კითხვები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ არსებობს. თუ რამე იქნება, თქვენ არ ინერვიულოთ, იქ არის კვალიფიციური სამედიცინო სამსახური და დახმარებას აღმოუჩენენ“ – განაცხადა 27 ივნისს კამრან ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ბაქოში იყო დაპატიმრებული საზღვრის უკანონო კვეთისას და არადეკლარირებული დიდი ოდენობის თანხის გადატანის ბრალდებებით. მუხტარლის წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სასამართლო პროცესებს ელოდება.