ჩვენ აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, წვლილი მიუძღვის აფგან მუხთარლის დაკავებასა და დაპატიმრებაში.
„ეს ორგანიზებული დანაშაული საქართველოში მოხდა და აზერბაიჯანში გაგრძელდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ აფგან მუხთარლის დაპატიმრებაზე“, – აღნიშნა მან.
როგორც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საგამოძიებო ჟურნალისტი მოიცილა, შეზღუდა მისი თავისუფლება და ციხეში გამოკეტა“.
„მიუხედავად ამისა, მე და ჩემი მეუღლის კოლეგები დაწყებულ გამოძიებებს ბოლომდე მივიყვანთ“, – დასძინა მუსტაფაევამ.
აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება.
აღსანიშნავია, რომ პროკურორი აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.