აფგან მუხტარლის საქმეზე ჟურნალისტი ხაჯიდა ისმაილოვა დაკითხეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხაჯიდა ისმაილოვა აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აფგან მუხტარლის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ონლაინგამოცემა აქვეყნებს, სადაც ისმაილოვა დაკითხვის პროცესის შესახებ თავად ყვება.

ჟურნალისტი ამბობს, რომ პროკურატურის კითხვები ეხებოდა იმას, თუ ვინ არის აფგან მუხტარლი, საიდან ფინანსდებოდა და თავად საიდან იცნობს დაკავებულს.

ისმაილოვას თქმით, მას ასევე ჰკითხეს „მეიდან ტივი“-ს დაფინანსების წყაროებზე. როგორც ჟურნალისტი ამბობს, პროკურატურა მისგან ითხოვდა გაუთქმელობის პირობაზე ხელმოწერას, რომ არ გაამჟღავნებდა დაკითხვის დეტალებს, თუმცა ამაზე უარი თქვა. თავად აფგან მუხტარლის საქმეს ხაჯიდა ისმაილოვა სასაცილოს უწოდებს.

როგორც ცნობილია, ხაჯიდა ისმაილოვა, რომელიც აზერბაიჯანში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იყო, 2014 წელს უკანონო ბიზნესსაქმიანობის ბრალდებით დააკავეს. მან ციხეში 17 თვე გაატარა.

თავად ჟურნალისტი და უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ ისმაილოვაზე შური იძია პრეზიდენტის ოჯახზე მომზადებული კრიტიკული სტატიების გამო.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტს აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვება ეკრძალება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ოჯახმა 29 მაისს განაცხადა, რომ მუხტარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხტარლიმ საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა.

ადვოკატის ინფორმაციით, მუხტარლის ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა, სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა (სისხლის სამართლის კოდექსის 318.1, 206.1 და 315.2 მუხლები). მას სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის თანხმობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს
შემდეგი სტატიაახალციხის მუნიციპალიტეტში წვიმამ და სეტყვამ ნათესები დატბორა