6 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ადგილიდან მიიმალნენ

სოფელ დოლოგანში ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, – ამის შესახებ ქედის მერის მოადგილემ როლანდ ბერიძემ განაცხადა

მისი თქმით, სამართალდამცველები ამ წუთებში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. ჰქონდა თუ არა კომპანიას სამუშაოების წარმოების ლიცენზია, ქედის მერიაში არ იციან. მერის მოადგილე ამბობს, რომ უწყებისთვის უცნობია, რომელი კომპანია ასრულებდა ქვის კარიერის სამუშაოებს.

“ვინც აფეთქებდა, ისინი მიიმალნენ. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები არ ვიცით ვინ არიან… ამ დროისთვის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. ბავშვი ბიძასთან იყო სტუმრად და ეზოში თამაშობდა, როცა ქვა მოხვდა”,- განაცხადა ქედის მერმა როლანდ ბერიძემ.

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლოს მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფელ დოლოგანში ქვის კარიერზე სამუშაოებს კერძო კომპანია ახორციელებს, რომლის წარმომადგენლები გამოკითხვაზე არიან დაბარებული. მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზა არის დანიშნული.

banner
წინა სტატიაშიქვემო ფონიჭალაში ტრაილერი ორ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანელჩს შეხვდა