რუსეთის კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში ძლიერი აფეთქებები მოხდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამთენიისას რეგიონში როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ისე რაკეტებით შეტევის საფრთხე გამოაცხადა. იერიშის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (ნპზ) იყო.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ოფიციალური ინფორმაციით, ქარხანაში დრონების ჩამოგდების შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ლიკვიდირება უკვე მოხერხდა.
რეგიონის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, უკრაინული დრონების იერიშს ნგრევა მოჰყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
სევერსკის რაიონში დაზიანებულია რამდენიმე კერძო საცხოვრებელი სახლი, დაშავებულია ერთი ადგილობრივი მცხოვრები. ქალაქ კრასნოდარში ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს ანალიზით, ქალაქ კრასნოდარში დაზიანებული კორპუსი სამხედრო დანიშნულების ორი მსხვილი საწარმოდან სულ რაღაც ორ კილომეტრში, ხოლო სამხედრო აეროდრომიდან სამ კილომეტრში მდებარეობს. გამოცემა ვარაუდობს, რომ უკრაინული დრონების რეალური სამიზნე სწორედ ეს სამხედრო ობიექტები იყო.


















