ანტონ შარტავა: თუ სოფელი დაუძლურდა ვერც ქალაქი იქნება მყარად – დამოუკიდებელი კანდიდატის ხედვები სოფლის განვითარებაზე

ძნელად დასაჯერებელია თუმცა XVIII საუკუნის რუკებზე, რომელიც ცნობილმა იტალიელმა მისიონერმა არქანეჯელო ლამბერტიმ შეადგინა, საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ორი ადმინისტრაციული ერთეული ხორში და ზანაც იძებნება.
ანუ გამოდის სამეგრელოს ამ ორ დასახლებას სამი საუკუნის წინ იტალიელი მისიონერები სტუმრობდნენ. დღეს კი ზანასა და ხორშაში უცხოელი ტურისტები კი არა ადგილობრივებიც იშვიათად ჩადიან. მეტიც ადმინისტრაციული ერთეულები დაცლის პირასაა – მიზეზი უამრავია: უგზოობა, უწყლობა, უმუშევრობა, ახალგაზრდების გადინება.
ადგილობრივები ამბობენ რომ მათი არსებობა მთავრობასაც და ოპოზიციასაც მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდებათ. თუმცა წელს ზანელებმა და ხორშელებმა გადაწყვიტეს რომ თავიანთ სოფლებს თვითონ მიხედონ და არჩევნებშიც თავიანთი კანდიდატი ჰყავდეთ – უპარტიო და დამოუკიდებელი. 43 ნომრით ანტონ შარტავა ხორშასა და ზანასთვის ახალი სიცოცხლის ჩუქებას გეგმავს და თუ როგორ ამაზე მაჟორიტარობის კანდიდატი „თაიმერს“ თავად ესაუბრა.
– ზანა ჩემი დიდი ბაბუის სოფელია. შარტავების ოთხი თაობა ამ სოფლიდანაა. ამ სოფელში გავიზარდე და მისი ყველა პრობლემა ისე ვიცი როგორც საკუთარი. თუმცა პრობლემების ცოდნა საკმარისი არ არის, მთავარია ამ პრობლემების მოგვარების გზებს და განვითარების პერსპექტივას ხედავდე. ზუსტად რომ არ ვიცოდე, რომ შემიძლია ზანელების და ხორშელების პრობლემების მოგვარება, სოფელს არც ვათქმევინებდი “რა უნდოდა მაჟორიტარ დეპუტატადო”. ჩემთვის სტატუსი მნიშვნელოვანი არ არის, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები რომელიც სტატუსს მოჰყვება და რომლის გამოყენებითაც შევძლებ ჩემი ახლობლების, ჩემი მეზობლების, ჩემი თანასოფლელების მომავალი უკეთესობისკენ შევცვალო.

– დაუშვათ გახდით დეპუტატი, როგორ ფიქრობთ ერთ დეპუტატს, თანაც უპარტიოს მართლა შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება?

– მე ზუსტად ვიცი რომ შემიძლია, პირველ რიგში სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერის იმედი მაქვს. უკვე წლებია ვმუშაობ პროექტებზე, რომელიც სოფლის განვითარებას ისახავს მიზნად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალგაზრდა თაობის ადგილზე დამაგრებას.

– მაშინ, გვითხარით რა პოტენციალი აქვს ხორშასა და ზანას?
– აქ არის მიტოვებული კომბინატი. კომუნისტების დროს უდიდესი წარმოება იყო, ძვირადღირებული ნედლეული – ეთერზეთები იწარმოებოდა ადგილზე. 7 მთავრობა შეიცვალა და ამ კომბინატის აღდგენაზე არავის უფიქრია. მე უკვე ინვესტორებიც მოძიებული მყავს. ხვდებით კომბინატის ამუშავება რამდენ სამუშაო ადგილს გააჩენს ადგილზე?! ნედლეულს ევროპის წამყვან ქვეყნებში გავიტანთ. ადგილზე კი მხოლოდ ადგილობრივებს დავასაქმეთ.

– წყლის პრობლემაზე რას იტყვით? ეს პრობლემა მგონი მოუგვარებელი რჩება?
– წყლის პრობლემა აქ სულ იქნება, ამიტომ ჭების მშენებლობა უნდა მოხდეს. აქვეა მენჯის ბარნეოლოგიური კურორტი საიდანაც შეგვიძლია ცხელი, გოგირდიანი წყლების გამოყვანა, სათბურების ამუშავება.

– თქვენ სასულიერო აკადემია გაქვთ დამთავრებული და თან პოეტიც ხართ- არ ფიქრობთ რომ პოლიტიკა ამ მოცემულობებისგან ცოტა შორს დგას?

– სწორად გამოყენებული პოლიტიკა ჩემს მხარეში სულიერებაზეც იზრუნებს და კულტურაზეც. უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობაზე. რაც შეეხება კულტურას – ამ მხრივ ჩვენთან ნამდვილად რთული ვითარებაა. სპექტაკლის ნახვა რომ გინდოდეს სენაკში უნდა ჩახვიდე, კულტურის სახლიც კი არ გვაქვს. ერთ-ერთი პირველი პროექტი რასაც განვახორციელებ სწორედ კულტურის სახლის მშენებლობა იქნება. თუ სული მშიერია ხორცი ვერნაირად იქნება მაძღარი. ამიტომ ამ მიმართულებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.

– ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო – შრომა უნდა დაფასდეს და მდგრადი განვითარება – ეს თქვენი სლოგანია, რატომ შეარჩიეთ?

– ძლიერი სოფელი ძლიერი ქალაქის საწინდარია, თუ სოფელი დაუძლურდა ვერც ქალაქი იქნება მყარად. სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ტურიზმშია ჩვენი ქვეყნის ხსნა. თუმცა არა ერთჯერად პროექტებში – განვითარება უნდა იყოს მდგრადი და ადამიანების შრომას უნდა ჰქონდეს ფასი. აი მაშინ ნამდვილად გვეშველება.
– რას გვეტყვით კონკურენტებზე, ან თუნდაც მოახერხოთ გამარჯვება როგორ ფიქრობთ მმართველი პარტია ოპოზიცია მხარს დაუჭერს თქვენ წამოწყებებს?
– ხორშასა და ზანაში უცხო არცერთი კანდიდატი არაა. ჩვენ თანასოფლელები, თანაქალაქელები ვართ, ყველას გული შეგვტკივა აქაურობაზე და ყველას უკეთესი დღე გვინდა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ვიღაცას საქმის კეთების სურვილი აქვს, ვიღაცას საქმის კეთების შესაძლებლობა, ვიღაცას შნო – ვფიქრობ მე სურვილიც მაქვს, შესაძლებლობაც და შნოც – ამიტომაც ზუსტად ვიცი ხელს არავინ შემიშლის და შედეგიც არ დააყოვნებს.

banner
წინა სტატიაშიდარჩელში ავტომობილი ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატია„ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა – ნიკა მელია