ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იგნატიუს აფრემ II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
პატრიარქმა იგნატიუს აფრემ II-მ ილია მეორეს “ერთგული მწყემსი და საღვთო საიდუმლოთა გონიერი განმგებელი“ უწოდა.
“აღდგომის ძლევამოსილი იმედით, მივიღეთ ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის უფლის წიაღში განსვენების შესახებ.
ქრისტეს ვენახში ათწლეულების განმავლობაში თავდადებული მსახურების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ აღასრულა თავისი წმინდა მისია, როგორც ერთგულმა მწყემსმა და ღვთაებრივი საიდუმლოებების გონიერმა მსახურმა. განსაცდელებისა და ცვლილებების ჟამს, იგი მოწმობდა ღვთის ცოცხალ მყოფობას, წარმართავდა რა თავის სამწყსოს გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულო სიმამაცით, და იდგა, როგორც ეკლესიაში მოთმინებისა და ერთგულების მანათობელი მაგალითი.
ანტიოქიის სირიული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და მთელი ჩვენი მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, წმინდა სინოდს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ვლოცულობთ, რათა უფალმა, უხვად მოწყალემ, განუსვენოს მისი ერთგული მსახურის სულს და შერაცხოს იგი მართალთა თანა მის ზეციურ სასუფეველში. დაე, ნუგეში სცეს მან თავის წმინდა ეკლესიას საქართველოში, მის სამღვდელოებასა და მრევლს, განამტკიცოს ისინი თავისი ღვთაებრივი მადლით, შეინარჩუნოს ისინი ერთობაში და მშვიდობაში და მუდმივად წარმართოს ისინი ხსნისა და ჭეშმარიტების გზაზე” – წერია წერილში.













