ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.
ამის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური როგორც უშუალოდ, ასევე კამპანია “ჩემი ხმა ევროკავშირის” ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს. ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას. აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია საშუალებები.
მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს. ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონებში, კონცერტები, ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯთან, რომელიც შეადგენს 100 000 ლარზე მეტს. აღნიშნული რესურსი ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას”, – განაცხადა კუპრაშვილმა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.