ანტიკორუფციული ვითარება – IDFI-ს რეკომენდაციები ხელისუფლებას

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა მოსაზრებები და რეკომენდაციები ახალ, 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაზე. იხილეთ რეკომენდაციების სრული დოკუმენტი ვებ-გვერდზე სრულად: http://bit.ly/2mylecm

ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავება და სტრატეგიის განახლებაზე მუშაობა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ – იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა 2016 წლის ნოემბერში დაიწყო პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად.

ამ დროისთვის, გეგმის შემუშავების პროცესს დაეთმო ანტიკორუფციული საბჭოს ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფის ორი შეხვედრა, რომელშიც სამდივნოსა და პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად არასამთავრობო, საერთაშორისო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ჩატარდა ასევე საჯარო კონსულტაციები სტუდენტებთან.

IDFI- ის რეკომენდაციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

– „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის“ გათვალისწინებით, ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის დაკისრება;

– რეგიონული ანტიკორუფციული კონფერენციის გამართვა;

– „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელისა“ (OECD-ACN) და „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) რეკომენდაციების მაქსიმალური ასახვა ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში;

– იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ანტიკორუფციული სამმართველოს შექმნა;

– სამოქმედო გეგმის ინდიკატორების და რისკების დახვეწა და დაკონკრეტება;

– ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორუფციის პრევენციის შესაბამისი ღონისძიებების ან/და პრიორიტეტის დამატება.

IDFI მიიჩნევს, რომ დოკუმენტში ასახული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს მომავალში მონიტორინგის პროცესს, დოკუმენტს შესაბამისობაში მოიყვანს საერთაშორისო ვალდებულებებთან, მარტივად დაფარავს ახალ, აქტუალურ საკითხებს და ანტიკორუფციული საბჭოს მუშაობას გახდის კიდევ უფრო ინკლუზიურს.

იუსტიციის სამინისტრო აღნიშნული დოკუმენტების ანტიკორუფციული საბჭოსთვის წარდგენას 2017 წლის აპრილში გეგმავს. სტრატეგიული დოკუმენტების მოწონების შემთხვევაში, ისინი საბჭოს სხდომაზე დამტკიცდება, ხოლო ძალაში მთავრობის დადგენილებით შევა.

banner
წინა სტატიაში“არის მცდელობა, ეს ვეტო იქნას წარმოჩენილი, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება” – გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიასაკრებულოს ოპოზიცია დღეს სხდომაზე ნაზღაიძისთვის მილიონიონიანი ქონების გადაცემის საკითხს დააყენებს