მთელი არსებით საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ვიბრძვით. ეს არის სწორედ ის, რაც “ოცნებას” ძალიან აღიზიანებს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მესამე სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაცია რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას გადასცეს, მოქალაქეებზე სამომავლოდ ზეწოლის მოხდენას და “უსამართლო სისტემის წინაშე” მათ მარტო დატოვებას უკავშირდება.
მთელი ჩვენი არსებით ვიბრძვით საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. ეს არის ის, რაც მათ ძალიან აღიზიანებთ. ჩვენ შეიძლება ვმუშაობდეთ კორუფციის თემებზე, ქალთა უფლებებზე და ა.შ., მაგრამ ჩვენი მთავარი ბრძოლა არის ის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, რაც იქნება ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ იცავენ ადამიანებს ევროპის ქვეყნებში. დღეს ისინი იმით, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია გვთხოვეს, ცდილობენ, რომ დარტყმის ქვეშ დააყენონ ყველა ის მოქალაქე, რომელიც ჩვენ გვენდო, რომელიც მოვიდა, ისაუბრა კორუფციაზე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაჩაგრეს საჯარო სექტორში და გაათავისუფლეს უკანონოდ. მათ სჭირდებათ ამ ადამიანების სია, პერსონალური მონაცემები იმისთვის, რომ შემდეგ ამ ადამიანებზე ზეწოლა განახორციელონ და ეს ადამიანები, ფაქტობრივად, მარტო დატოვონ უსამართლო სისტემის წინაშე”. – განაცხადა ეკა გიგაურმა.
17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს აინტერესებს გაიგოს, ვის და რატომ დაეხმარნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.
სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო-ფოტო მასალების გადაცემას.
ამის საპირწონედ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამ გადაწყვეტილებას მათი დაპატიმრება მოჰყვეს“.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: “საფარი”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “მომავლის აკადემია”, ” ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.