“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო არ გასცემს ინფორმაციას 2023 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესახებ.
ორგანიზაციის ცნობით, ანტიკორუფციული ბიუროსგან შემოწმებული პირების და მათი მონიტორინგის შედეგების სია ორჯერ გამოითხოვეს, თუმცა ბიურომ ორივეჯერ ზოგადი ინფორმაციის მქონე ანგარიშის წაკითხვისკენ მიუთით.
მიუხედავად ამისა, თანამდებობის პირები, მათ შორის პარლამენტის წევრები, დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებენ.
“თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა ანტიკორუფციული სტრატეგიისა და კეთილსინდისიერების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა, „გამჭვირვალობის“ საბაბით ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შემჩნეულნი არიან ქონებრივი დეკლარაციების არაკეთილსინდისიერად შევსებაში.
ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის სრულად ამოქმედებამდე თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს იკვლევდა სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც არამხოლოდ ანგარიშს, არამედ შემოწმებული თანამდებობების პირების და მათი მონიტორინგის შედეგების სიასაც აქვეყნებდა (მაგალითად, 2020, 2021, 2022 წლის მონიტორინგის შედეგები).
2023 წლიდან კი აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება ანტიკორუფციული ბიუროს კომპეტენციაში შედის. 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ბიურომ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია შეიტანა და შემოწმებული პირების სია არ გამოუქვეყნებია.
„ფლანგვის დეტექტორმა“ 23 აპრილს მიმართა ანტიკორუფციულ ბიუროს, გაეცათ საჯარო ინფორმაცია იმის თაობაზე, თანამდებობის რომელ პირებს გამოუვლინდათ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას შეუსაბამობები. ანტიკორუფციულმა ბიურომ „ფლანგვის დეტექტორის“ პირველ წერილს 25 აპრილს უპასუხა და აღნიშნა, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროს საიტზე არსებულ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში იყო მოცემული.
როგორც აღვნიშნეთ, ბიუროს პასუხი არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან „ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში“ განხილულია შემოწმებული თანამდებობის პირებისა და მათი მონიტორინგისას გამოვლენილი შეუსაბამობების საერთო რიცხვი. მაგალითად, ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ჯამში პარლამენტის 78 წევრი შემოწმდა, თუმცა დეპუტატების კონკრეტული ვინაობა და მათი მონიტორინგის შედეგები უცნობია.
„ფლანგვის დეტექტორმა“ 29 აპრილს ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა დამაზუსტებელი წერილით, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ კონკრეტული თანამდებობის პირების სია ანგარიშში არ ეწერა. ამიტომ, ბიუროსგან ხელახლა ვითხოვეთ საჯარო ინფორმაციის გაცემა. ანტიკორუფციულმა ბიურომ დაბრუნებულ წერილში არ შეიცვალა პოზიცია და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია შესაძლებელი იყო, გვენახა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში.
„ფლანგვის დეტექტორი“ მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, სიის ფორმით გაასაჯაროოს 2023 წელს შემოწმებული თანამდებობის პირთა მონიტორინგის შედეგები და ის შეუსაბამობები, რომელიც მათ მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში გამოვლინდა, – წერს ორგანიზაცია.