“ანტიანექსიური პლატფორმა” განცხადებას ავრცელებს.
,,ოკუპაციიდან ანექსიამდე — სად ვართ დღეს და რა დილემის წინაშე დგას საქართველო?
2008 წლის ომიდან 18 წელი გავიდა.
ამ 18 წლის განმავლობაში ჩვენ ხშირად ვამბობდით:
რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს.
ეს სწორია.
მაგრამ დღეს მხოლოდ ამით დაკმაყოფილება საკმარისი არ არის .
უნდა დავსვათ უფრო რთული კითხვა:
რა შეიცვალა ამ 18 წლის განმავლობაში და სადამდე მივიდა რუსეთის პოლიტიკა?
ოკუპაცია და ანექსია ერთი და იგივე არ არის.
ოკუპაციის დროს უცხო სახელმწიფო აკონტროლებს ტერიტორიას- სამხედრო ძალით.
ანექსიის დროს კი უფრო ფართო მიზანია — ამ ტერიტორიის თანდათან ჩართვა საკუთარი სახელმწიფოს პოლიტიკურ, სამართლებრივ, სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში.
ამიტომ ანექსია ყოველთვის ერთი დღის გადაწყვეტილება არ არის.
ხშირად ეს არის პროცესი.
და სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა.
ერთი ფაქტი შეიძლება ცალკე აღებული არაფერს ნიშნავდეს.
მაგრამ როცა ერთმანეთს ვუკავშირებთ სამხედრო ინტეგრაციას, სამართლებრივ და ეკონომიკურ დაახლოებას, მოქალაქეობას, საკადრო ინტეგრაციას, განათლებას, ინფრასტრუქტურას და სხვა პროცესებს, უკვე ფაზლი იქმნება.
და ამ ფაზლს დანახვა სჭირდება.
2026 წლის 9 მაისს რუსეთმა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ხელი მოაწერეს „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების“ შეთანხმებას. დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფომ სწორედ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოთქვა შეშფოთება შესაძლო სრული ანექსიის პერსპექტივაზე.
მე არ ვამბობ, რომ ფორმალური ანექსია უკვე მოხდა.
ვამბობ სხვა რამეს:
ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ფორმალურ ანექსიას იმისთვის, რომ ანექსიის წინააღმდეგ მოქმედება დავიწყოთ.
ეს იქნება ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა.
მაგრამ აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება.
რას ვუპირისპირებთ ჩვენ რუსეთის მოქმედებებს?
მხოლოდ განცხადებებს?
მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს?
მხოლოდ იმას, რომ „დრო ჩვენზე მუშაობს“?
თუ გვაქვს საკუთარი, თანმიმდევრული ანტიანექსიური პოლიტიკა?
ჩემი აზრით, სწორედ აქ არის საქართველოს დღევანდელი მთავარი პრობლემა.
რუსეთს შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი სტრატეგია.
საქართველოს კი ხშირად მხოლოდ მიმდინარე დღის პოლიტიკა აქვს.
დღეს ერთი პოლიტიკური სკანდალი გვიფანტავს ყურადღებას.
ხვალ — მეორე.
ვის
დაიჭერენ?
ვინ გადადგება?
ვინ ვის დაუპირისპირდა?
ვინ რა თქვა?
ეს ყველაფერი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ამით არ წყდება.
ოკუპირებული ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია.
რუსეთის სამხედრო ყოფნა ისევ არსებობს.
ანექსიისკენ მიმართული ინტეგრაციის პროცესები გრძელდება.
და ჩვენ ამ პროცესს ყოველდღიური პოლიტიკური ხმაურით არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესი.
საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა.
ამაში ეჭვი არ უნდა არსებობდეს.
მაგრამ ერთი რამეც მკაფიოდ უნდა ვთქვათ:
მშვიდობა გვჭირდება. შეგუება — არა.
„მოთმინება“ თავისთავად სტრატეგია არ არის.
თუ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად ცვლის რეალობას, ხოლო შენ მხოლოდ ელოდები, როდის შეიცვლება ვითარება შენს სასარგებლოდ, შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინო, რომ უკვე სრულიად სხვა რეალობაში ცხოვრობ.
ამიტომ ანტიანექსიური პოლიტიკა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა არ არის.
ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი აზროვნების აღდგენის საკითხიც.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ:
რა ხდება?
რატომ ხდება?
სადამდე შეიძლება მივიდეს?
რა არის საქართველოს წითელი ხაზები?
რა შეუძლია სახელმწიფოს?
რა შეუძლია საზოგადოებას?
და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ომი არ გვინდოდეს, მაგრამ არც საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვაზე ვთქვათ უარი?
მე ვფიქრობ, ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე აღარ არის.
ეს არის საზოგადოების საქმე.
ექსპერტების.
იურისტების.
დიპლომატების.
ჟურნალისტების.
ბიზნესის.
სამოქალაქო საზოგადოების.
და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქის.
სწორედ ამიტომ შეიქმნა საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა.
მისი მიზანი არ არის კიდევ ერთი ორგანიზაციის შექმნა.
მისი მიზანია ისეთი საზოგადოებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც მუდმივად დაინახავს პროცესს, შეისწავლის ფაქტებს, გააერთიანებს ცოდნას და საქართველოს ანტიანექსიურ პოლიტიკას საზოგადოებრივ ძალად აქცევს.
ჩვენ არ გვჭირდება პანიკა.
არ გვჭირდება ომისკენ მოწოდება.
არ გვჭირდება პროპაგანდა.
გვჭირდება ცოდნა, დაკვირვება, სიმტკიცე და მოქმედება.
ყველაზე საშიში მხოლოდ მტრის მოქმედება არ არის.
საშიშია ის მომენტი, როდესაც საზოგადოება ეჩვევა ამ მოქმედებას.
როდესაც ოკუპაცია ყოველდღიურობად იქცევა.
როდესაც ანექსიისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯი აღარ გვაკვირვებს.
როდესაც ვამბობთ:
„რა ვქნათ?“
„ჩვენ რას შევცვლით?“
„დიდი სახელმწიფოები გადაწყვეტენ.“
არა.
ჩვენი სახელმწიფოს ბედი მხოლოდ დიდი სახელმწიფოების გადასაწყვეტი არ უნდა გავხადოთ.
საქართველოს მომავალზე ფიქრი ქართველების პასუხისმგებლობაც არის.
ამიტომ დღეს მთავარი კითხვა ჩემთვის აღარ არის მხოლოდ:
„რას აკეთებს რუსეთი?“
მთავარი კითხვაა:
„რას ვაკეთებთ ჩვენ?“
თუ გვინდა, რომ ოკუპაციიდან ანექსიამდე მიმავალ პროცესს მხოლოდ დამკვირვებლის პოზიციიდან არ ვუყუროთ;
თუ გვინდა, რომ საქართველოს ანტიანექსიური პოლიტიკა მხოლოდ განცხადებად არ დარჩეს;
თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილებისთვის დღევანდელი რეალობა საბოლოო რეალობად არ იქცეს —
მოდით, ერთად დავდგეთ.
ერთად დავინახოთ პროცესი.
ერთად შევაფასოთ საფრთხე.
ერთად მოვამზადოთ პასუხი.
საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავალი სხვისი გადაწყვეტილების იმედად არ უნდა დავტოვოთ “,- წერს ალექსი აკია ბარბაქაძე. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი პოლკოვნიკი თადარიგში საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივნის ყოფილი მოადგილე.
“აღნიშნულია განცხადებაში.








