გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ერთ-ერთ გამტაცებლად ანრი ოხანაშვილის დასახელების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის უფლებადამცველი “ტვ პირველის” ეთერში სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს.
დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ბორტზე მყოფი სუს-ის შეფის ამოცნობა მას შემდეგ შეძლო, რაც მხარეებს შორის პირადი კონტაქტი შედგა.
ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ “ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავში ჯამში 5 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც უფლებადამცველის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს 3 მათგანის ამოცნობა შეუძლია.
“მათ შორის არის ერთ-ერთი პიროვნება, რომლის ყოფილი საქმიანობაც იცის. ეს დაკავშირებულია ძალოვან საქმიანობასთან” – აღნიშნავს დავით ჯანდიერი “ტვ პირველის” ეთერში.
გიორგის დეტალურად შეუძლია აღწეროს ის მოვლენები, რომელიც ვითარდებოდა საქართველოში მის ჩამოყვანამდე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. საათობრივი სიზუსტით არის ეს მოვლენები აღწერილი განცხადებაში, მათ შორის, ის, თუ რასთან გვქონდა საქმე ბორტზე, რომლის ირგვლივაც დღეს მან განცხადება გააკეთა. აქ არის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანის პროცესი არ იყო გამყარებული არცერთი სამართლებრივი დოკუმენტით. ადგილი არ ჰქონდა არც დეპორტაციას, არც ექსტრადირებას. ეს იყო სამართალსმიღმა არსებული პროცესი…
ბორტზე იმყოფებოდა 5 ადამიანი. 3 ადამიანის ამოცნობა მას შეუძლია, მათ შორის არის ერთ-ერთი პიროვნება, რომლის ყოფილი საქმიანობაც იცის. ეს დაკავშირებულია ძალოვან საქმიანობასთან. ეს არის რაც ახლა შემიძლია გითხრათ. ბორტგამცილებლები ბორტზე არ იმყოფებოდნენ. მას ჰქონდა თვალები ახვეული. იყო გარკვეული მომენტები, როდესაც ლანდავდა და შეეძლო გარკვეული ობიექტების დანახვაც და აღქმაც. თვითმფრინავში მოხსნილი ჰქონდა თვალებიდან. იქ ინტენსიური საუბარი მიდიოდა მასთან. როდესაც პილოტი საპირფარეშოში უნდა შესულიყო, მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს, რათა ვიზუალური კონტაქტი არ შემდგარიყო. ეს არის გარემოებათა წყება, რომელზეც არის საუბარი… რამდენადაც ბაჩიაშვილმა ინფორმაცია გადმოსცა, ოხანაშვილი პირადი კონტაქტით დაინახა…
ორი დღის წინ მივმართეთ სხვადასხვა უწყებებს, მათ შორის, “ჯორჯიან ეარვეის”, რომლის ბორტიც არის მხილებული გატაცებაში, ასევე საჰაერო ნავიგაციას, აეროპორტების გაერთიანებას, თბილისის აეროპორტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს იმისთვის, რომ შენახული და დაცული იქნეს ის ინფორმაცია, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ დანაშუალებათა წყებას და მის იძულებით გადმოყვანას უკავშირდება”. – განაცხადა დავით ჯანდიერმა.