ანრი ოხანაშვილი : საგანგებო მდგომარეობის, კარანტინის ან იზოლაციის რეჟიმის დამრღვევებისთვის ამნისტიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა არ დგას იმ პირების მიერ ჩადენილ ქმედებებზე, ვინც საგანგებო მდგომარეობის, კარანტინის ან იზოლაციის რეჟიმი დაარღვია და ამით მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

ოხანაშვილის განმარტებით, ეს პარლამენტის პრეროგატივაა, ნებისმიერ პირს შეუძლია, საკითხი დასვას და საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ, მაგრამ ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება.

„საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დაწესებულია როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთაც. ეს სანქციები სრულად პროპორციულია, რადგან ამ პასუხისმგებლობის მთავარი მიზანია, მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ. თუ ვინმე წესს არ დაიცავს, ინფიცირებულია, ან შეხება ჰქონდა ინფიცირებულთან და შესაბამისს ორგანოს არ აცნობებს, ან თვითიზოლაციას და კარანტინში გადაყვანას არ ახდენს, ეს ზრდის სხვა ადამიანების ინფიცირების საშიშროებას. თუ ოპოზიცია იმას გვეუბნება, რომ პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ არავის, ვინც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის, ეს არის მათი უპასუხისმგებლო განცხადება. ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის ვალდებულებაა, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება
შემდეგი სტატიაინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან