ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს – სამწუხარო რეალობაა, როდესაც პარლამენტის წევრები ზეწოლასა და ზემოქმედებას ახდენთ სასამართლო სისტემაზე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 14:02

ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს – სამწუხარო რეალობაა, როდესაც პარლამენტის წევრები ზეწოლასა და ზემოქმედებას ახდენთ სასამართლო სისტემაზე

ვწუხვარ, რომ კოლეგები თქვენვე აყენებთ პარლამენტს შეურაცხყოფას და ახდენთ პროცესის დისკრედიტაციას, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ და დამოუკიდებელ დეპუტატებს.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლო სისტემის რეფორმის შეჩერების უფლებას არავის მისცემს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ ხართ კოლეგები, მაგრამ თქვენვე აყენებთ პარლამენტს შეურაცხყოფს და ახდენთ იმ პროცესის დისკრედიტაციას, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამწუხარო რეალობაა, როდესაც პარლამენტის წევრები პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით ზეწოლასა და ზემოქმედებას ახდენთ სასამართლო სისტემაზე. შეიძლება, არ მოგვწონდეს კონკრეტული საკითხები, გადაწყვეტილებები და სრული ლეგიტიმაცია გვაქვს, პოზიციები დავაფიქსიროთ, მაგრამ ის ინტენსივობა, რამაც ზეწოლის და ზეგავლენას მიაღწია, დაუშვებელია. ერთი მხრივ საუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი და უფრო ძლიერი, მაგრამ თქვენივე განცხადებებით ზემოქმედებთ მასზე. მმართველ პარტიას აქვს იმის ამბიცია, რომ სასამართლო სისტემის შეჩერების უფლება არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მისცეს. ეს ნარატივი ახლავს ამ ყველაფერს და ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის ძალიან აქტიური მონაწილეები არიან ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს, რომელთაც აღნიშნეს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იყო, უპასუხა, რომ ყველა მთავარი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და მას კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების თხოვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„კომისიის რეკომენდაცია იყო პროცესისგან პარლამენტის ჩამოცილება, რომ მხოლოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონოდა ლეგიტიმაცია, წარედგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. არცერთი თქვენგანის ხმამაღალი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ მახსოვს. პარლამენტის თავმჯდომარის დიდი მონდომებით არ მოხდა ამ რეკომენდაციის გაზიარება, რომელსაც დღეს თქვენ ეთანხმებით. საუბრობთ ვინმეს ინტერესების ლობირებაზე. ჩვენი გუნდის ინტერესი პარტნიორებთან ერთად გახლავთ სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება. 4 თვის განმავლობაში წარიმართა პროცესი, რომელშიც ყველას გქონდათ აქტიური ჩართვის შესაძლებლობა. 2 დღეა, უწყვეტად ვპასუხობდი თქვენს ყველა შეკითხვას, დღეს კი ამბობთ, რომ თურმე, ეს იყო ფორსირებული და თურმე, მუხლობრივად არ მოგეცათ განხილვის შესაძლებლობა. ვენეციის კომისიის ყველა პრინციპული რეკომენდაცია გაზიარებულია. შეკითხვა, ხომ არ იქნება ბარიერი საკვალიფიკაციო გამოცდის დაწესებით, მოხსნილია; შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხები მოხსნილია. შევიმუშავეთ მრავალეტაპიანი პროცედურა, რომელიც არ არსებობს ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში, გამჭვირვალობის ძალიან მაღალი სტანდარტით. ინდივიდუალურად მოვუსმენთ კანდიდარტებს და სხდომა საჯარო იქნება. აქედან გამომდინარე, ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რაიმე მოტივირებული წინადადებით დავაყენო საკითხი მესამე მოსმენიდან მეორეზე დაბრუნების შესახებ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 14:02

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


6,751
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics