ანრი ოხანაშვილი – ეკა ბესელია ჩემთვის არც ერთ სფეროში არ არის კონკურენტი

რა პოზიციაც არ უნდა გეკავოს, მთავარია ღირსება, ოჯახი და ემსახურო ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტში ხარ თუ სად, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ზარდიაშვილმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

„თუ შეიძლება, ეს გახდეს უსაფუძვლო და უსამართლო ტალახის სროლის მიზეზი და ამით შეიძლება, რამე ფორმით მოხდეს ადამიანის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც აისახება ოჯახზე დ ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს, თანამდებობა დატოვოს, რადგან მისთვის მთავარი არ არის პოზიცია და ანაზღაურება. ვფიქრობ, ეს არის ღირსეული ადამიანის გადაწყვეტილება და ასეთ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი თქმით, ზარდიაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა.

„ეს ვანო ზარდიაშვილის არჩევანია, მისი პირადი გადაწყვეტილება და შესაბამისად, მან პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, შეათანხმა. მან პირადად მიიღო ეს ღირსეული გადაწყვეტილება“, – ამბობს ოხანაშვილი.

ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას კონკურენტად არ მიიჩნევს.

„ეკა ბესელია კონკურენტად არ მიმაჩნია. ვხვდები, რისკენ არის მიმართული მისი მუდმივი აქტუალიზაცია, თუმცა, ჩემთვის ეს ადამიანი არც ერთ სფეროში არ არის კონკურენტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვანო ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტსა და დეპუტატის მანდატს ტოვებს.

banner
წინა სტატიაში“კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები”-დავით ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ვანო ზარდიაშვილს ათასი ტყუილი დააბრალეს და ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ