Anonymous-ი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება და ამბობს, რომ ხელისუფლების ავტორიტარულ ნაბიჯებს უპასუხოდ არ დატოვებს.
“თქვენ ჩვენი სიმტკიცე ერთხელ უკვე გამოცადეთ, როცა რუსული კანონის საპროტესტო აქციების დაუნდობლად ჩახშობის საპასუხოდ თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ კიბერშეტევები მოვაწყვეთ. მაშინ უნდა გესწავლათ, რომ ხალხის გაჩუმების თქვენი მცდელობები უპასუხოდ არ დარჩებოდა.
ახლა თქვენი გეგმით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოთ, ხელში აბსოლუტური ძალაუფლების ჩაგდებას ცდილობთ – ქმედებები, რომელიც ჰგავს ბელარუსის და ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ბნელი რეჟიმებისას. თქვენი ქმედებები ასახავს რეპრესიულ ტაქტიკას, რომელსაც იყენებენ ვენესუელაში, სადაც მადუროს რეჟიმი სისტემატურად ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს დემოკრატია ძაფზეა ჩამოკიდებული.
მაგრამ იცოდეთ: თავისუფლებაზე ამ უხეშ თავდასხმას არ მოვითმენთ. თუ ავტორიტარულ დღის წესრიგს გააგრძელებთ, ქარიშხალს გამოიწვევთ, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ. სწორედ იმ სისტემებს მოვშლით, რომლებსაც ხალხის დასაჩაგრად იყენებთ.
შეიძლება ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ დაუსჯელად იმოქმედოთ, მაგრამ ჩვენ თვალს გადევნებთ და მზად ვართ” – წერს Anonymous.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრი ჰაკერული დაჯგუფების მიმართვის ადრესატი რამდენიმე თვის წინაც გახდა, მაშინ როდესაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდა. თუ ქართული ოცნება მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს გააგრძელებდა, ანონიმუსი სამთავრობო ვებგვერდებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევებით იმუქრებოდა. თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის საპასუხოდ ჰაკერულმა დაჯგუფებამ რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდზე კიბერშეტევა განახორციელა.