5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს, ის ასევე ძალიან ფართო კონტროლს აწესებს ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შესახებ, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„მისი ბუნდოვანი დებულებები ასევე ქმნის ღრმა სამართლებრივ გაურკვევლობას და ასევე არბიტრაჟისა და შერჩევითი აღსრულების დიდ რისკს და ეს მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებულ კითხვასაც უკავშირდება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ჰიპერის თქმით, ევროკავშირი მოითხოვს მზია ამაღლობელის და საქართველოში „ყველა უსამართლოდ დაკავებულის“ გათავისუფლებას

„მკაცრად დავგმეთ მისი პატიმრობა. მისი განაჩენი ასევე აჩვენებს დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ რეპრესიებს. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის შესრულება დევნის ან ზედმეტი შეზღუდვის შიშის გარეშე. ამიტომ, ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და გაჩუმებას, ასევე ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძველს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ მის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ჰიპერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მათ ევროპულ მისწრაფებებს.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ “დედ ჰასანის” შვილიშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის კომუნიკაცია არსებობს
შემდეგი სტატიაკალასი და კოსი: “ოცნება” ევროკავშირთან ხანგრძლივ პარტნიორობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს