ანი წითლიძე: „სამეგრელომ ივანიშვილს უარი უთხრა“

24 ოქტომბერს ზუგდიდში ხალხმრავალი აქცია გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ მიტინგზე 10.000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ასეთ ხალხმრავლობას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი არ ელოდნენ. ეს ღონისძიება რამდენიმე დღით ადრე უნდა გამართულიყო, მაგრამ ბანკში შევარდნილმა შეიარაღებულმა მძარცველმა პოლიტიკოსებს გეგმები ჩაუშალა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 24 ოქტომბერს, „ნაციონალების“ აქციის პარალელურად, მძარცველის აყვანის ოპერაცია მიმდინარეობდა. მძარცველმა გაქცევა მოახერხა. ასეთ ხალხმრავალ აქციას არ ელოდა ზუგდიდის საკრებულოს წევრი, „ნაციონალი“ ანი წითლიძე. მისი თქმით, ზუგდიდის აქცია იმის მანიშნებელია, რომ სამეგრელომ ივანიშვილს უარი უთხრა.

რატომ არის ოპოზიციის გამარჯვებაში დარწმუნებული? გაბედავს თუ არა ხელისუფლება პროვოკაციების მოწყობას? რამ გამოიყვანა ამდენი ხალხი ქუჩაში? რას ჰპირდება ოპოზიციაში გადასულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს? რა უშლის ხელს წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობას? _ ამის შესახებ ანი წითლიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ანი, მთელი ოპოზიცია აჟიტირებულია იმ აქციით, რომელიც ზუგდიდში გაიმართა. მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ელოდით ამდენი ხალხის გამოსვლას?
_ გულწრფელად გეტყვით, რომ ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა, არ გვეგონა. ძალიან გახარებულები ვართ, რომ პანდემიის დროს ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. პანდემია რომ არა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვიდოდა ჩვენს ღონისძიებაზე.
როცა პანდემიის დროს ამდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ჩვენს საზოგადოებას მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების გზით „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი სახლში გაუშვას. ეს განწყობა აშკარად იგრძნობა.
_ ამ დასკვნას მხოლოდ ზუგდიდის აქციიდან გამომდინარე აკეთებთ, თუ სხვა ინფორმაციებიც გაქვთ?
_ ზუგდიდის აქციის მიხედვითაც შეიძლება მთელი ქვეყნის განწყობაზე საუბარი. ჩვენ ისედაც ვიცით, თუ რას ფიქრობს ხალხი ამ ხელისუფლებაზე. ზუგდიდის აქციამ კი ყველაფერი ნათლად გამოაჩინა. ასეთი მასშტაბური აქცია ამ ქალაქში არ ჩატარებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს ცვლილებები უნდა. ცვლილებები არ იქნება, თუ „ოცნებას“ არ გავუშვებთ. ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა სახლში. ეს ხალხის ნებაა და მის ნებას წინ ვერავინ აღუდგება.
ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ყველაფერი კარგად მახსოვს, მათ შორის, გასული საუკუნის 90-იანი წლები. ეს ყველა ზუგდიდელს მწარედ ჩარჩა მეხსიერებაში და როცა გვეგონა, რომ ეს კოშმარი დავივიწყეთ, „ქართული ოცნება“ მოვიდა. ამ ხელისუფლებამ ისე გააკეთა, რომ სამეგრელოსა და მთლიანად ქვეყანაში ავადსახსენებლი 90-იანი წლები დააბრუნა.
დღეს ყველა აღიარებს, რომ საქართველოში ცხოვრება არ არის უსაფრთხო. იმაზე არაფერს ვამბობ, თუ რა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ქუჩაში გასვლა უკვე საშიში გახდა. სხვა სიტყვებით როგორ უნდა ავხსნა სიტუაცია, როცა ერთი შეიარაღებული პირი ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა?! აღსანიშნავია, ისიც რომ ბანკის შენობის გვერდით სუსის შენობაა. სუსს კრიმინალებისთვის და მძარცველებისთვის არ სცალია, ისევე როგორც პოლიციას, _ ისინი მხოლოდ ოპოზიციის თვალთვალით არიან დაკავებული.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ოპოზიციის მომხრეებს დასდევენ, ამ დროს კრიმინალები თავისუფლად მოქმედებენ. ხელისუფლება ოპოზიციას რომ არ დასდევდეს, კრიმინალებს თავის საქმიანობაში არ შეუშლის ხელს.
_ რატომ არ შეუშლის ხელს?
_ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მათთან თანამშრომლობს. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები გარკვეულ დახმარებას უწევენ „ქართულ ოცნებას“. როცა შავი სამყარო ხელისუფლებას ეხმარება, მაშინ ხელისუფლებაც თვალებს ხუჭავს. ასე იზრდება ქვეყანაში კრიმინალი. ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ყველა არჩევნებზე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს. ამის დამალვას ივანიშვილის პარტია აღარც კი ცდილობს.
როდესაც ახალისებ კრიმინალებს და მათ არჩევნებისთვის იყენებ, შემდეგ უკვე მორალურად ვალში ხარ მათთან. ამ თემაზე არაერთი განცხადება გამიკეთებია. რამდენჯერმე მოვაწყვე საგანგებო ბრიფინგი, სადაც ვთქვი, რომ არჩევნებისთვის კრიმინალები ციხიდან გამოუშვეს. მთელი ქვეყნის მასშტაბებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ სამეგრელოში მსგავსი შემთხვევები ნამდვილად იყო და მე სახელები და გვარები დავასახელე. კრიმინალები ციხიდან მხოლოდ იმიტომ გამოიყვანეს, რომ მათ არჩევნების წინ ამომრჩეველზე ზემოქმედება მოეხდინათ.
ამ ქვეყანაში „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მოკავშირე დარჩა და ეს არის კრიმინალური სამყარო. ბოლო დროს ვატყობ, რომ ისინიც აღარ უჭერენ მხარს ამ ხელისუფლებას. ივანიშვილი და მისი პარტია კრიმინალებისთვისაც კი მიუღებელი გახდა.
_ ეს რაში გამოიხატება? რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ კრიმინალები „ოცნებას“ ძველი ენთუზიაზმით აღარ უჭერენ მხარს?
_ ისინი ძველი შემართებითა და ენთუზიაზმით აღარ მუშაობენ „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ თავის საქმეს აკეთებენ _ დანაშაულს სჩადიან. იციან, რომ „ოცნება“ მათთან ვალშია და ასე მარტივად ვერ შეეხებიან.
ამ ლოიალობისა და კრიმინალთან კოჰაბიტაციის შედეგი ზუგდიდში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაა, ერთმა შეიარაღებულმა მძარცველმა ყველას დაანახა ამ ხელისუფლების სახე. რამდენი დღეა გასული და ძლივს მოახერხეს მისი იდენტიფიცირება. იმ დროს, როცა ჩვენ ზუგდიდში აქციას ვმართავდით, მისი აყვანის სპეცოპერაცია ტარდებოდა, მაგრამ მძარცველი გაექცათ. ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ. მართლა მეწყინა, დამნაშავე რომ ვერ დაიჭირეს.
მართალია, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიციას ვგულშემატკივრობდით. ჩვენ გვინდოდა, რომ დამნაშავე დაეკავებინათ. ის, რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა, ეს იყო ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა. მან ჩვენი მოქალაქეები აიყვანა მძევლად. ამის უფლება არავის აქვს.
როგორც გითხარით, ბანკი, სადაც ყაჩაღობა მოხდა, სუსის გვერდითა შენობაში მდებარეობს. რამდენიმე ასეულ მეტრშია პოლიციაც. როცა სუსის გვერდით მდებარე შენობაში ყაჩაღობაა, სოფლებში მცხოვრებმა ადამიანებმა თავი დაცულად როგორ უნდა იგრძნონ? არც გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ არსებული ვითარების გამოსწორება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით შეიძლება.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადება საერთოდ კოშმარი იყო, _ მერე რა მოხდა, თუ ნახევარი მილიონი გადავიხადეთ. საჭირო თუ გახდა, მძევლების გასათავისუფლებლად 10 მილიონსაც გადავიხდითო. ამით მან კრიმინალი წაახალისა. ვინაა იმის გარანტი, რომ სადმე კიდევ არ შევარდება ვინმე ბანკში და მძევლებს არ აიყვანს?
_ ამის გარანტია არც ყველაზე დაცულ ქვეყნებშია. იქაც ხდება ბანკებზე შეიარაღებული თავდასხმები.
_ როგორ არ ხდება, მაგრამ იქ სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას. ჩვენთან კი ერთმა კაცმა ჩამოშალა ძალოვანი სტრუქტურები.
ეს ყაჩაღობა რომ არა, ზუგდიდის აქციაზე ამდენი ხალხი, ალბათ, არ გამოვიდოდა, ეს ფაქტი იყო ბოლო წვეთი. ხალხმა დაინახა, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს და აქ ყველა დაუცველია _ ხელისუფლების მომხრეც და მოწინააღმდეგეც. ისეთი ადამიანები ვნახე ჩვენს აქციაზე, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი მათ „ნაციონალებთან“ გამოჩენას.
_ რატომ ვერ წარმოიდგენდით? ასე სერიოზულად იყვნენ თქვენს პარტიასთან დაპირისპირებულები?
_ ისინი, ჯერ კიდევ, გასულ წელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ. ახლა ეს ხალხიც ხვდება, რომ ყველა დაუცველია. ისინი აცნობიერებენ, რომ ამ არჩევნებზე აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება _ ის არ წყდება, თუ რომელი პარტია რამდენ პროცენტს მიიღებს. ამ არჩევნებზე გადაწყდება, თუ როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ ჩვენ და ჩვენი შვილები.
დარწმუნებული ვარ, ყველა რეგიონში ასეთი მდგომარეობაა. არ მეგულება კუთხე, სადაც ხალხი დალხენით და უსაფრთხოდ იცხოვრებს. სამეგრელომ 24 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს უთხრა, _ არა! 31 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ მთელი საქართველოს ეტყვის, _ არა!
_ „ნაციონალების“ დროს სამეგრელომაც ბევრი უბედურება გამოიარა და, ერთი შეხედვით, ეს რეგიონი ასე ანტიბიძინისტურად განწყობილი არ უნდა ყოფილიყო.
_ ამაზე ჩემი პასუხი ასეთი იქნება, _ მე 2012 წელს გავხდი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მაშინ შევედი იმ პარტიაში, საიდანაც ყველა გარბოდა. იმ ცხრა წლის მანძილზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაკრიტიკებდი. ამის მიუხედავად, ყველას გვახსოვს, როგორი იყო 90-ინი წლები და როგორი იყო ის ცხრა წელი მთელი ქვეყნისთვის. ამ ცხრა წლის მანძილზე მიდიოდა აღმშენებლობა. ხალხმა ნახა „ოცნებაც“, რომელმაც ქვეყნის განვითარება დააპაუზა, ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები და 90-იან წლებში დაგვაბრუნა.
უშეცდომო არავინ არის, „ნაციონალებმაც“ დაუშვეს ბევრი შეცდომა და ამის პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ _ რვა წელია, რაც ოპოზიციაში ვართ. მე ნაციონალებში იმიტომ შევედი, რომ დავინახე, თუ საით მიაქანებდა „ოცნება“ ჩემს ქვეყანას.
მომატებული კრიმინალის გარდა ხალხი კიდევ უამრავ უკანონობას ხედავს, ქვეყანა ნეპოტიზმსა და კორუფციის ჭაობში იხრჩობა. რაზეა საუბარი, როცა დასუფთავების სამსახურის უფროსი 19 ტენდერს მოიგებს.
_ სად მოიგო 19 ტენდერი დასუფთავების სამსახურის უფროსმა?
_ ზუგდიდში. ყველა ნაბიჯზეა კორუფციაა. ჩინოსნები მდიდრდებიან და ხალხი ღარიბდება. მე ასეთი ღარიბი სამეგრელო მხოლოდ 90-იან წლებში მახსოვს. დანარჩენ საქართველოშიც ასეა. არ შეიძლება, განვითარებისა და წინსვლის მაგივრად უკან წახვიდე. ქვეყნის უკუსვლას მხოლოდ „ოცნების“ სახლში გაშვება შეაჩერებს.
2003 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანგრეული ქვეყანა ჩაიბარა. მაშინ საქართველოზე ქვეყანას ვერ იტყოდი, ეს იყო მხოლოდ ტერიტორია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჭაობში მყოფი საქართველოს ფეხზე დაყენება შეძლო. მეტიც: საქართველო რეგიონში მოწინვე ქვეყანა გახდა.
_ სახელმწიფო ფეხზე დააყენეს, მაგრამ ხშირად ირღვეოდა ადამიანის უფლებები.
_ შეცდომები რომ იყო, ამიტომაც ვართ ახლა ოპოზიციაში. სახელმწიფოს მშენებლობის დროს ბევრი შეცდომა დაუშვეს. ამ მხრივ ჩვენს პარტიას უნიკალური გამოცდილება დაუგროვდა. ერთი მხრივ, იცის, თუ როგორ დააყენოს ქვეყანა ფეხზე და მეორე მხრივ აცნობიერებს, თუ რა შეცდომა აღარ უნდა დაუშვას. ახლა სახელმწიფოს ფეხზე დაყენება შეცდომების გარეშე შეგვიძლია.
_ შურისძიებაზე რას გვეტყვით? ბევრს დღემდე ეშინია, რომ თუ „ნაციონალები“ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, სამაგიეროების გადახდა და ოპონენტების დევნა დაიწყება. „ქართული ოცნება“ დღემდე ამით აშინებს საქართველოს მოსახლეობას.
_ მგონია, რომ ხალხს ამაზე უკვე აღარ აქვს რეაქცია. წინა წლებში ეს მეთოდი, ჯერ კიდევ, ჭრიდა. „ნაციონალების“ მხრიდან არანაირი შურისძიება არ იქნება და ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა. ის ჩვენი პრემიერობის კანდიდატია. მან ერთ-ერთ ჩართვაში თქვა, რომ ამ რვა წლის მანძილზე ბევრი რამე გამოვიარე, მათ შორს, ჩემი ოჯახის წევრებზე თავდასხმებიო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ „ოცნებამ“ „ნაციონალებზე“ რევანში გახადა თავის ნომერ პირველ ამოცანად.
ჩვენგან რევანში გამორიცხულია. თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიული და ძლიერი იყოს, პირადი შურისძიება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა წარსულს უნდა ჩაბარდეს. ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს თავისი პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა. დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა. მჯერა, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით არავინ დაუწყებს დევნას. პირობას ვდებ, მათი პირველი დამცველი მე ვიქნები.
_ რისგან ან ვისგან უნდა დაიცვათ მეოცნებეები? ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში მათ რამე საფრთხე ემუქრება?
_ ასე კონკრეტულად მათ არავინ ემუქრება. მაგრამ აქ რაკი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა ჯერ კიდევ სარისკოა, დაცვა სჭირდება. ვინმემ ცუდი თვალით რომ შეხედოს „ქართული ოცნების“ წევრებს, პირველი მე გავაპროტესტებ ამ ფაქტს. ამის პირობას საჯაროდ ვდებ.
_ „ქართული ოცნება“ თუ მართლა გადავიდა ოპოზიციაში, მაშინ ამ პირობის შესრულება გაგიჭირდებათ. ამ პარტიამ ძალიან ბევრი მტერი გაიჩინა.
_ დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლება რამდენიმე დღეში ოპოზიციაში გადავა. იმაშიც გარწმუნებთ, რომ ჩემს პირობას შევასრულებ და „ოცნების“ წევრებს დავიცავ. ამას იმის გამო არ გავაკეთებ, რომ ამ ძალის მიმართ რაიმე სიმპათია მაქვს. პოლიტიკური ნიშნით თუ დევნას ხელი შევუწყვეთ და ადამიანებს განსხვავებული მოსაზრების დაფიქისრების შეეშინდათ, საქართველო ვერასდროს გახდება დემოკრატიული და ძლიერი ქვეყანა. ჩვენი მიზანი კი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, რომ ამით ყველა მისმა მოქალაქემ იამაყოს.
_ მითხარით, „ქართული ოცნების“ წევრების დამცველი ვიქნები და იმის უფლებას არავის მივცემ, რომ მათ ცუდი თვალით შეხედონო. იმათ დაცვასაც აპირებთ, ვინც დანაშაული ჩაიდინა?
_ ისინი როგორ უნდა დავიცვა? ადამიანებს თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. მე პოლიტიკური ნიშნით დევნას გავაპროტესტებ. ის, რაც „ნაციონალურმა“ მოძრაობამ გამოიარა, სხვებმა აღარ უნდა გამოსცადონ. დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური ნიშნით ადამიანები არ იდევნებიან და არც განსხვავებული აზრის გამოთქმისას ესხმიან ვინმეს თავს. არ მესმის, რატომ უნდა ჩავთვალო „ქართული ოცნების“ აქტივისტი ჩემს მტრად? მას თავისი პოზიცია აქვს და მე _ ჩემი. „ოცნების“ ბევრ მხარდამჭერს ვიცნობ და მათთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა მაქვს.
_ ისე, ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ჩუმ-ჩუმად გადადიან ოპოზიციის მხარესო. თქვენ შენიშნეთ მსგავსი რამე?
_ ეს უკვე შესამჩნევია. გითხარით კიდევაც, რომ 24 ოქტომბრის აქციაზე ის ხალხი იდგა ჩვენ გვერდით, ვინც შარშან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო. ისინი ღიად ამბობენ, რომ ივანიშვილს უჭერდნენ მხარს, მაგრამ როცა დაინახეს, რომ ეს ძალა ქვეყანას ღუპავს, ოპოზიციის გვერდით დადგნენ და მზად არიან, არჩევნების გზით ეს ხელისუფლება სახლში გაუშვან. თავიდან თითქოს ერიდებოდათ „ოცნების“ მხარდამჭერებს ჩვენთან მოსვლა, მაგრამ მერე ეს ბარიერი გადაილახა.
_ რატომ ერიდებოდათ თქვენთან გადმოსვლა?
_ ფიქრობდნენ, რომ არასწორია იმ ძალის მხარეს გადახვიდე, ვისი პოლიტიკაც არ მოგწონდა და ვისაც ამდენი წელი ებრძოდი. ჩვენ მათთან უპრობლემოდ ვთანამშრომლობთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრია. ამ გაერთიანებაში მყოფი პარტიები ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით. გაერთიანებაში არის ის ხალხი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტიურად ებრძოდა. როცა დავინახეთ, რომ ქვეყანას ერთად დგომა სჭირდებოდა, ყველაფერი დავივიწყეთ და გვერდიგვერდ დავდექით. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი მეოცნებე გადმოვა ოპოზიციის მხარეს.
_ თქვენ ახსენეთ გაერთიანებაში შემავალი პარტიები, რომლებიც „ნაციონალებს“ ებრძოდნენ. დღეს ერთად დგახართ, მაგრამ დაპირისპირებულები ხართ იმ ძალებთან, რომლებიც 2016 წლამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ. საუბარია ვაშაძის პარტიასა და „ევროპულ საქართველოზე“.
_ არ მიმაჩნია, რომ ჩვენ შორის რაიმე დაპირისპირებაა. ის, რაც ახლა ხდება, ჩვეულებრივი ამბავია. მათ თავისი მოსაზრებები აქვთ, ჩვენი _ ჩვენი. ამ მოსაზრებებს ზოგჯერ ემოციურად გამოვხატავთ და ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ ეს ტრაგედია არაა. პირიქით, ასე უკეთესია.
_ რატომ არის უკეთესი?
_ პოლიტიკური სპექტრი ჭრელი უნდა იყოს. ყველას ერთ აზრზე ყოფნა მოსაწყენია. ეს დემოკრატია აღარ არის, თან ჭეშმარიტება კამათში იბადება. იმედია, ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, რაც იმის გარანტია, რომ მომავალ ხელისუფლებას ძალაუფლება თავში აღარ აუვარდება. თავის დროზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი ძლიერი ოპოზიცია რომ ჰყოლოდა, როგორიც ჩვენ ვართ, ამდენ შეცდომას არ დაუშვებდა. ნორმალურ ხელისუფლებას უნდა უხაროდეს ძლიერი ოპოზიციის არსებობა.
ვერ ვიტყვი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ჩვენი მეგობარია, მაგრამ ერთმანეთის მტრები არ ვართ. ყველა თავის ამომრჩეველზე მუშაობს. ხმაურიანი განცხადებებიც კეთდება, მაგრამ ეს საერთო სურათს არ დააზიანებს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ეს საერთო სურათს არ დააზიანებს?
_ დარწმუნებული ვარ. რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ ერთმანეთი და ზოგჯერ მძიმე საუბარიც გვქონდეს, ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებს _ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ. ყველამ ვიცით, რომ დამოუკიდებლად ამას ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს. ძალა მართლა ერთობაშია და ერთად უნდა ვიბრძოლოთ.
დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს და კოალიციურ მთავრობასაც დააკომპლექტებს. ეს რომ ასე იქნება, ამაში უკვე „ქართული ოცნების“ მომხრეებიც დარწმუნდნენ.
_ ოპოზიციის გამარჯვებაში რომ დარწმუნდნენ, ამიტომ აღარ უწყობენ ოპოზიციას პროვოკაციებს? კარგა ხანია, ხელისუფლებას თქვენს აქციაზე პროვოკაცია არ მოუწყვია.
_ პროვოკაციის მოწყობა ძალიან უნდათ, მაგრამ ხალხის გაღიზიანებას ერიდებიან. ზუგდიდში იმდენი ხალხი იყო გამოსული, რომ პროვოკაციის მოწყობას ვერ გაბედავ

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – იმის გამო, რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, ყოველ ჯერზე არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე საკითხი ხდება რუსეთი, პრორუსულობა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: „არჩევნები მინიმალური სტანდარტების დაცვით თუ ჩატარდა, ოპოზიცია იგებს“