
„თაიმერი“ ზუგდიდის ვიცე-მერ გია გულორდავას დაუკავშირდა, რომელმაც დაადსტურა, რომ მუშები მის სახლში იმყოფებოდნენ: „მუშები სახლში, მართლაც, მუშაობდნენ, მაგრამ სამუშაოს უხარისხოდ ასრულებდნენ, რადგან როგორც მითხრეს, ამ ტიპის საქმეს პირველად აკეთებდნენ.“ რაც შეეხება ხელფასის გაცემას, გულორდავას განაცხადებით, მუშებს თანხა აღებული აქვთ.
შეგახსენებთ, რომ გია გულორდავა საპარლემენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურისგან ცილისწამების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამასთან, ვიცე-მერი მზადაა, რომ მისი მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო სამართალდამცავებთანაც ითანამშრომლოს, რადგან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია. საქმე ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის მიერ 16 მარტს გაკეთებულ განცხადებას, როცა წიკლაურმა გულორდავას რამდენიმე ბრალდება წაუყენა. პარლამენტარის სიტყვებით, ქალაქში ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოვლენაში აქტიურად იყო ჩართული ვიცე-მერი, რომელმაც ქალაქის ფეხითსავალი ნაწილის კეთილმოწყობის გარდა, მუშები საკუთარი ეზოს კეთილმოწყობაზეც ამუშავა.



















