„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ანი წითლიძე და ბესო შენგელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან მივიდნენ და უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უწყების ხელმძღვანელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის სავარაუდო შეტანის პროცესში დუმილსა და კორუფციაში დაადანაშაულეს.
ანი წითლიძის განცხადებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვს, დევნილთა რეალურ საჭიროებებს იგნორირებას უკეთებს.
„ამ შენობაში ზის აფხაზეთის უმაღლესი საბჭო — ადამიანები, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებლები არიან ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე და თითოეული დევნილის კეთილდღეობაზე. მათ ათასობით ლარი აქვთ ხელფასი, მაშინ, როცა დევნილების შემწეობა თვეში 45 ლარია. მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, არცერთ მათგანს ხმა არ ამოუღია „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე“, — განაცხადა წითლიძემ.
„ენმ-ის“ დეპუტატმა პირდაპირ მიმართა საბჭოს წევრებსა და თანამდებობის პირებს, მათ შორის ჯემალ გამახარიას, ვახტანგ ყოლბაიას, თამაზ ხუბუას, რაულ ცატავასა და დავით ფაცაციას, რომელსაც „სუპერ კორუმპირებული ადამიანი“ უწოდა.
„კეთილი ინებეთ, ჩამოდით და გაგვეცით პასუხი: რატომ ხართ ჩუმად, რატომ მონაწილეობთ „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივ პოლიტიკაში? რატომ უწყობთ ხელს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საწვავი შეიტანოს ოკუპირებულ აფხაზეთში და მისცეს ის რუს სამხედროებს?! რატომ არ გადარდებთ ის, რომ დევნილების დახმარება არის 45 ლარი და თქვენ ჯიბეებს ივსებთ ათასობით ლარით?!“ — აღნიშნა პოლიტიკოსმა.
წითლიძის შეფასებით, უწყების წარმომადგენელთა დუმილი ეროვნული ინტერესების დათმობაზე მიუთითებს:
„საწვავზე საქართველო არ იყიდება! აფხაზეთი საწვავზე არ იყიდება! თქვენ თქვენი ხელფასებისთვის გაყიდეთ აფხაზეთიც და საქართველოს ეროვნული ინტერესებიც, თქვენი დუმილი მხოლოდ ამას მიანიშნებს“, — დასძინა ანი წითლიძემ.








