ანი წითლიძე: ამხელა სამინისტრო გაბარიათ და „ოროსანი“ დაჩი ბერაიას დასაცავი ხართ, თქვენ ადგილას ძალიან შემრცხვებოდა

ამხელა შს მინისტრი რომ ხართ კაცი, ამხელა სამინისტრო გაბარიათ და „ოროსანი“ დაჩი ბერაიას, ირაკლი ზარქუას და ალუდა ღუდუშაურის დასაცავი ხართ, თქვენ ადგილას ძალიან შემრცხვებოდა, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა, არ გრცხვენიათ, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მან ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომ შოვის ტრაგედიასა და ადამიანების უკანონოდ დაკავებაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად მოუწევს.

„შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხებით რომ არ მოხვიდოდით, ეს ძალიან კარგად ვიცით. თქვენ პირველივე დღეებში ასეთი განცხადება გააკეთეთ: გამოსაძიებელი არც არაფერი არისო და ამით ფაქტობრივად, პასუხი გაეცით კითხვებს. თქვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს პირობებში მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ თქვენ კიდევ ბევრ რამეში ხართ დამნაშავე, ბატონო მინისტრო“, – განაცხადა წითლიძემ.

ანა წითლიძემ საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა აშშ-ის მიერ სანქცირებულ, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, თუ როგორ დაინიშნა თანამდებობაზე და ხომ არ არის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის თანამონაწილე.

„რა შოვის ტრაგედიაზე უნდა გველაპარაკოთ თქვენ ან რა კონკრეტული პასუხები უნდა გქონდეთ, სუს-ის უფროსი იყავით 2015-2019 წლებში. რას შვრებოდით, ხელფასს რაში იღებდით? როდესაც სუს-ის აგენტი ფარცხალაძე ამ ქვეყანაში მილიონებს შოულობდა და რუსების ინტერესებს აძლიერებდა. შემთხვევით, თქვენ მისი თანამონაწილე ხომ არ ხართ? შემთხვევით, თქვენც მილიონები ხომ არ გაქვთ ნაშოვნი? შემთხვევით, თქვენ შს მინისტრი მხოლოდ იმიტომ ხომ არ გახდით, ივანიშვილის დაცვის წევრი რომ იყავით? შემთხვევით, თქვენც რუსეთის ჯაშუში ხომ არ ხართ, ბატონო მინისტრო? თქვენ ხართ მინისტრი, რომელმაც მილიონები იშოვეთ იმ ღირსეული პოლიციელების ხარჯზე, რომლებიც თვიდან თვემდე სესხებით ცხოვრობენ. იმ პოლიციელების ხარჯზე, რომლებიც ემიგრაციაში გაიქცნენ და თავს აფარებენ სხვა ქვეყანას გაუსაძლისი პირობების გამო, ამის გამო გახდით მილიონერი. ამიტომაც, შოვის ტრაგედიაზე, ძმებ წულუკიძეებზეც და რუსეთის ჯაშუშობაზეც თქვენ პასუხისმგებლობა ახლა რომ გიცავენ მათთან ერთად, აუცილებლად მოგიწევთ“, – მიმართა წითლიძემ გომელაურს.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის რეჟიმი პუტინისტი კრიმინალების ბანდაა” – გიგა ბოკერია ეძგვერაძეზე თავდასხმაზე
შემდეგი სტატიაადმინისტრაცია: პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე