ანი გაბეჩავა: რაც თქვენ მედიით ახლა გაიგეთ, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია

region
ავტ.: region ივლისი 24, 2020 16:11

ანი გაბეჩავა: რაც თქვენ მედიით ახლა გაიგეთ, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთერთი მოწმე, ანი გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზეც დაიწყო ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება, Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. ის ბოლო დღეებში გავრცელებულ მიმოწერას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ანი გაბეჩავა წვეულებაზე მყოფ და ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანს ეკითხება – სად არის გიორგი შაქარაშვილი.

“გადავწყვიტე, პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი მეგობრებიც.

მინდა დავიწყო იქიდან, რომ პირველი ადამიანი, ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას.

გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს, რადგან წავეყვანე მცხეთის განყოფილებაში. მანამდე ჩემს კლასელებთან მქონდა მიმოწერა, რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია.

ეს მიმოწერა გახლავთ ჩემი მცდელობა იმისა, რომ გამერკვია, თუ ვინ და სად ნახა გიორგი ბოლოს. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში ორი მიზეზის გამო: 1. მარტო არ მსურდა წასვლა; 2. უნდოდათ, სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ მცხეთაში მხოლოდ ბიძაჩემი გამყვა, რადგან მამაჩემი თბილისში არ იმყოფებოდა.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს მორალურად და არაფრით ეხმარება გამოძიებას. ყველა დეტალი, რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდა, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება. კარგი იქნება თუ მხარდაჭერას გამოხატავთ და არა ზეწოლას.

მინდა მივმართო მედიას. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ფაქტი თქვენთვის გაუგებარია და დასაზუსტებელი გახდება, შეგიძლიათ, დამეკონტაქტოთ და თუ ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილია, ამომწურავად გაგცემთ პასუხს… მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მამხნევებდა ამ მძიმე დღეებში“ – წერს გაბეჩავა.

მედიის ინფორმაციით, ანა გაბეჩავას ფეისბუქ მიმოწერები გიორგი შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომში დევს. იუბილარი ცდილობს კაკი ჩქარეულის კავშირების დადგენას. ის ეჭვობს, რომ არეულობა ნარეკვავში სწორედ ჩქარეულის მისვლის შემდეგ დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, 19 ივლისის დილას ანი გაბეჩავა საქმის ორ ბრალდებულს – თენგო ბარბაქაძეს და არასრულწლოვან ლ.შ-ს წერს. ის ითხოვს, უთხრან ადგილი – სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი.

“მომწერე, რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ, ყველა ეძებს ბავშვს, სად დატოვეთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეგ ბავშვი ცოცხალი იპოვონ და თქვენ თუ რომელიმეს ხმა გაგცეთ ცხოვრებაში, ნახავთ. დაურეკე სასწრაფოდ ბიჭებს და მითხრან, სად სცემეთ, სად დატოვეთ?” – ეკითხება გაბეჩავა ბარბაქაძეს, რაზეც ის პასუხობს, რომ “აზრზე არ ვარ”.

“ვიცი, რომ გიგას [ტატიაშვილი] მანქანით იყავით და ცემეთ ის ბავშვები, სახლიდან თავი რომ არ გამოუყვიათ” – წერს გაბეჩავა ბარბაქაძეს.

19 ივნისის დილას ანა გაბეჩავა უკავშირდება არასრულწლოვან ლ.შ.-საც და სთხოვს, უთხრას, სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი.

გაბეჩავა – ბავშვი არის დაკარგული

ლ.შ. – ოთხ კაცს თავი გვაქვს გატეხილი.

გაბეჩავა – ვერ პოულობენ. თუ ვერ იპოვიან, მშობლები პოლიციაში აპირებენ მისვლას. მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ. გიგას მანქანით შენც იყავი?

ლ.შ. – ჩვენ რა ვიცით?

გაბეჩავა – ბავშვები რომ სცემეთ რკინის ჯოხებით, იმ მანქანაში იყავი?

ლ.შ. – მანდ რა მინდოდა, გოგო. თბილისამდე 15 კაცი მომდევდა

გაბეჩავა – მისმინე. არ მომატყუო, შენც იჯექი მანქანაში? ხუთი ბავშვი დაიჭირეს, ორი გამოიქცა, ერთი საავადმყოფოში წევს, ძაან უცემიათ. გიგას მანქანით იყვნენ და ერთი ვაბშე უდანაშაულო, გარეთაც არ გამოსულა, ეგ დაიკარგა. ვერ ვპოულობთ. მშობლებმაც გაიგეს და თუ ვერ იპოვიან, ახლა საგურამოში მიდიან. პოლიცია ჩაერევა, არ გეცოდებით საერთოდ?

ლ.შ. – აზრზე არ ვარ საერთოდ, ვინაა დაკარგული, რატომ დაიკარგა

გაბეჩავა – ის ბიჭები ვინ მოიყვანა? ჩქარეული და ეგენი?

ლ.შ – რეებს მეკითხები, აზრზე არ ვარ

გაბეჩავა – გზა ვინ უთხრა, ვინ მოათრია იქ. ეგენი მოვიდნენ და მერე დაიწყეს ჩხუბი”.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზისავე თქმით, სიკვდილამდე შაქარაშვილს არაერთი დაზიანება მიაყენეს, მათ შორის, ბლაგვი საგნით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჯერჯერობით ამ მუხლით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

region
ავტ.: region ივლისი 24, 2020 16:11

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics