ანგელა მერკელმა ივანკა ტრამპის გამოჩენის შესახებ ატეხილ მითქმა-მოთქმას უპასუხა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნაცვლად, „დიდი ოცეულის“ სამიტზე (G20) მისი ქალიშვილის ივანკა ტრამპის გამოჩენის შესახებ ატეხილ მითქმა-მოთქმას უპასუხა.

Bloomberg-ის ცნობით, კანცლერმა განმარტა, რომ დელეგაციები თავად წყვეტენ, აუცილებელია თუ არა შეხვედრაში პრეზიდენტის მონაწილეობა და იმასაც, ვინ უნდა შეცვალოს ის მაგიდასთან. მერკელი აცხადებს, რომ ივანკა ტრამპი აშშ-ის დელეგაციის განუყოფელი ნაწილი იყო, ის მუშაობს თეთრ სახლში და გარკვეულ ინიციატივებს კურირებს.

ჰამბურგში, G20-ის სამიტზე აშშ-ის ლიდერის დონალდ ტრამპის ორმხრივ შეხვედრაზე ყოფნის დროს სამიტის მონაწილეთა მაგიდასთან ივანკა ტრამპის გამოჩენას მედიასა თუ სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ჰამბურგში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტზე დონალდ ტრამპის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა მსოფლიო ლიდერებს შორის მამის ადგილი დაიკავა, რასაც სოციალურ მედიაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.მედიასაშუალების ჟურნალისტი ჰამბურგიდან იტყობინება, რომ ივანკა მამის ადგილას მაშინ განთავსდა, როდესაც ტრამპმა სამიტი ინდონეზიის ლიდერთან შეხვედრის მიზნით დატოვა.

როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი უკან დაბრუნდა, რათა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის თავისი ადგილი დაეკავებინა, იქ უკვე ივანკა იჯდა.

სოციალურ მედიაში დონალდ ტრამპის ქალიშვილის საქციელი გააკრიტიკეს და უპრეცედენტო ფაქტად შეაფასეს.

BBC-ის ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ მამის არყოფნის პერიოდში, ივანკა ტრამპს აფრიკის მიგრაციისა და ჯანდაცვის საკითხებზე მსჯელობაში სამიტის სესიის დროს რაიმე წვლილი არ შეუტანია.

banner
წინა სტატიაშიცხინვალი აცხადებს რომ საზღვარზე ბანერი 20 დღის უკან დააყენეს და ეს ეუთომ იცოდა
შემდეგი სტატიაკახეთში სტიქიას ებრძვიან